Monday, June 4, 2012





დეა ვებერი (კაზარაშვილი) – ,,მე – დეა მქვია, ნაომარი ზღვისფერი ქალაქიდან ვარ... „ – წერს ავტორი ერთ–ერთ მინიატურაში, რომელსაც გამორჩეულად მიიჩნევს თავის შემოქმედებაში.
დაიბადა 1986 წლის 7 თებერვალს ქალაქ სოხუმში. 1993 წლიდან ცხოვრობს თბილისში. დაამთავრა სოხუმის უნივერსიტეტი, ეკონომიკის ფაკულტეტი. მაგისტრატურა. იმავე პერიოდში სწავლობდა დ. არაყიშვილის მუსიკალურ ტექნიკუმში– ვოკალურ განყოფილებაზე. წერა დაიწყო 13 წლის ასაკიდან.. წერს სიმღერებსაც. მონაწილეობდა კონკურსში: ,,პოეზიის კოლაჟები“ ,სადაც გახდა ერთ–ერთი პრიზიორი. კონკურს– ,,ალავერდობა „ –ში და სხვა.
2010 წელს ლიტერატურულ კონკურსში ,,ლექსების გამოფენა“ – გახდა ნომინაცია ,,მკითხველის სიმპათიის „ გამარჯვებული. ხოლო 2011 წელს ამავე კონკურსში გახდა 1 ადგილის გამარჯვებული – საბავშვო პროზაში.
მისი მინიატურები დაიბეჭდა ლიტ. ჟურნალებში ,,ჭოროხი“ და ,,ლიტერატურული პალიტრა“. 2010 წელს გამოიცა მისი პირველი კრებული. (იმედით ცოცხლობს ადამიანი და ღმერთით კიდევ კაცობრიობა...) აქვს ერთადერთი ოცნება – დაბრუნდეს მშობლიურ აფხაზეთში.

                                                                                                                          ©დეა ვებერი

ნაწარმოებები


(ბართლომეს) ღამე...


იყო საღამო, მშვიდი
და მაგნოლიის სურნელი ჰქონდა
წვიმიან ქალაქს.
ვიყავით მე და შენ -
მე - ჩემთვის. შენ - შენთვის...
ირგვლივ ქაოსი...
ჩვენ შევხვდით არაერთხელ
და ვერ ვიცანით ერთმანეთი.
მერე იყო გზა,
უსასრულო... (უფრო გვინდოდა)
ჩვენ ისევ შევხვდით...
ვიგრძენი, როგორ
შემოხვედი ჩემში
და ეს შეგრძნება
იყო უცხო
(უფრო ჩემთვის).
ბნელში არ ჩანდა
ჩვენი შიშველი სულები....
და მაინც ერთმანეთს შევესისხლხორცეთ...
მერე ვშვი შვილები –
ლაზარე და ბარბარე.
და ვზარდეთ ისინი.
ჩვენ ერთად ვცხოვრობდით -
ჩემში და შენში.
და ზღვარი ჩვენს შორის
ჩავხერგეთ და დავმარხეთ -
წლები...
ის ღამე არ იყო მსგავსი
სხვა ღამეების...
და ბოლოს...
დილა
შემოაისდა.
ჩვენ შევიცვალეთ -
შენ აღმა წახვედი
და მე კი დაღმა...
ახლა ტკივილებს ვმშობიარობ, ფურცლებზე...
მხოლოდ ესაა, შენგან რაც დამრჩა...

2 ივნისი 2012



 გუშინ და დღეს... 


ნერვები დაცოცავენ მთელ ტანზე დამცინავად... 
  მომეფერე, მტკივა...
  ის წლები მტკივა, როცა თვალწინ დაგვიწვეს სახლი...
  როცა შენს ხელებს ვაპარებდი ჩუმად მზერას 
  მშიერი ბავშვი. 
  როცა ღონემიხდილი მაინც ღიმილით ვამბობდი, ვილოცოთ მეთქი...
  მე მაშინ ვიპოვე ღმერთი. 
  სიამაყემ გვძლია. 
  ვერ ვითხოვეთ მოწყალება ქუჩაში.
  მერე საწამლავი ვყლაპეთ ცრემლებთან ერთად.
  შეშლილებად შეგვრაცხეს. 
  თეთრ კედლებს შორის დაგვიდეს ბინა. 
  ის წლები მტკივა, ჩვენი ოთახის ფანჯრიდან შემოლეწილი სიცივე და წვიმა რომ გვისველებდა საწოლს...
ნერვები მილოკავენ ცრემლებს...
მტკივა!
––––––––––––––––––––––––

ოთახში თბილა – ერთმანეთის სიყვარულით ვათბობთ.
აღარ ატანს წვიმის წვეთები ჩვენს ფანჯრებს,
აღარ ასველებს ჩვენს ოთახს სიცარიელე.
ვეღარ ამოგვსვრიან ტალახში...
ჩამოვიბანეთ ნერვები...
ტკივილები...
აღარ ვიფარებ ხელებს ყურებზე,
აღარ მეშინია ხმაურის, 
თეთრი ფერის...
აღარც კუთხეში ვიმალები ავტომატის ხმაზე... 
დავხიე წარსულის ბარათები,
დავწვი.
აღარც სიკვდილის მეშინია... 
ჩვენ აღარ ვცხოვრობთ სუიციდის ქუჩაზე...
მომეფერე დეე!



     ათვლა.. 

 ყოველდღე თავიდან დავიწყებ ათვლას,
  ერთი, ორი და ასე შემდეგ,
  არ უჩანს ბოლო ლოდინს  და დაღლა
  მორიგ ამ ღამეს ბალიშთან მითევს.

  ნოემბრის ბოლოს ირევა ქარი,
  სითბონაკლული დეკემბერს უცვლის-
  დღეებს და ასე ხანდახან მკვდარი
  მგონია თავი, ღმერთო ნუ მიწყენ.

  მერე კვლავ ვითვლი უშენოდ დღეებს,
  ერთი, ორი და ასე შემდეგ,
  კალენდარს ვახევ დღეს ბოლო თარიღს,
  ხვალ უჩემობის ათვლა დაიწყე.



          &      &        &


  შენ გგონია რომ ცოტა დროა
  ერთმანეთს ვიცნობთ..
  და არც კი...
  ძველ ტკივილებს რომ 
  ვერ ივიწყებ?
  იქნებ ვერც წაშლი,
  აღმართულ კლდეებს
  ეხეთქება ტალღები,
  შტორმი.
  ახლა ის დროა წავიდე და..
  სხვა ნახო მგონი...




დასასრულის  დასაწყისი…  ან პირიქით...
    
    სიყვარული გამილექსე თავიდან,
    მე არა მწამს გაყინული ფიცის,
    ჩემს მაგივრად წვიმა ცრემლებს მოგიტანს,
    ცრემლებს, შენ რომ ჩემს ტუჩებთან უცდი.

    სიყვარული გამილექსე თავიდან,
    მაპატიებს ამ წვალებას ღმერთი?
    შენ შენებურ  თბილ სიყვარულს ელი და
    მე კი ისევ  ჩემს ტკივილებს ვებრძვი.

    სიყვარული გამილექსე თავიდან,
    თან წადი და არ წახვიდე გესმის?
    შენს ლექსებში მოფერებას ველი კვლავ...
    სიზმარია? თუ გემბანზე მიცდი.
      
      სიყვარული, გამილექსე თავიდან
      ცხოვრება მაქვს არც თუ ისე მშვიდი
      შენს ხელებში მომაკვდავი მტრედი ვარ.
      მე სიკვდილიც ჩემებური ვიცი.

      სიყვარული გამილექსე თავიდან,
      დრო ამ წუთებს, მოგონებებს უცვლის,
      დავრჩით ასე... ჩვენ მესამე ნეკნიდან,
      ცალ-ცალკე და ერთად ორი გიჟი. 



           + უსასრულობა...

როლი პირველი:

სცენაზე თამაშობ…
მაყურებელი  ერთი ან
ათას ერთი ღამის ქალ(ებ)ია…
თამაშობ ისე…
მაყურებელს  ავიწყდება კიდეც,
რომ ეს მხოლოდ შენი როლია..
ცრემლებამდე მოსწონთ შენი თამაში…
ჩემს ზურგს უკან იმასაც ამბობენ, რომ…
ძალიან ნიჭიერი მსახიობი ხარ…

როლი მეორე:
ისევ თამაშობ…
სცენარში მსხვერპლი – ქალია!
ჩემს ზურგს უკან ამბობენ, რომ..
ძალიან ნიჭიერი მსახიობი ხარ!

როლი მესამე:
ვთამაშობ!
შეშლილის როლი მაქვს.
სცენარში –  სიკვდილთან ვთამაშობ და ვმარცხდები!
შენს ზურგს უკან ამბობენ, რომ…
ძალიან უნიჭო მსახიობი ვარ!

როლი მეოთხე:
თამაშობ! შენი მსხვერპლი – მორიგი ქალია…
თამაშობ!
    თამაშობ!
        თამაშობ!
              წინ კიდევ ბევრი, ძალიან ბევრი როლი გაქვს…




დევნილობიდან - დევნილობამდე!!! 


   მაშინ როცა სრულიად საქართველო ახალ 2011 წელს ეგებებოდა, მომავლის უკეთესობის იმედით... საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან -ვეტერანები შიმშილობდნენ. ისინი სამსახურიდან დათხოვნას და ვეტერანთა დეპარტამენტში, აფხაზეთის ომში დაღუპულთა სტენდზე ფოტოების ჩამოხსნას და სანაგვე ყუთში აღმოჩენას აპროტესტებდნენ,. ალბათ იცით მათ პროტესტს პოლიციის მიერ დარბევა მოჰყვა. თურმე, ამგვარი სახის პროტესტი საკუთარი თანამებრძოლების სახელს შეურაცხჰყოფდნენ და გარდა ამისა, გარემოს აბინძურებდნენ. ვეტერანები დააჯარიმეს -ხულიგნობის და სამართლადამცავების მიმართ  წინააღმდეგობის გაწევის გამო. რა არის ახლა მათთვის  400 ლარი? არაფერი აბსოლუტურად! ხვალ ჩვენ გავიდეთ, გავაპროტესტოთ და ჩვენც დაგვაჯარიმებენ იგივე თანხით. ბიუჯეტიც შეივსება და მომღერლების ჩამოყვანასაც ხელს შევუწყობთ.  დასრულდა! კიდევ ერთი პროტესტიც მიიჩქმალა. 
  დაპირებებით დაბრუნებული აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა , რომელიც უკვე 18 წელია  დაბრუნებაზე ოცნებობს. დღეს  დედაქალაქიდანაც იდევნება. დაწყებულია მათი გამოსახლება კომპაქტური ჩასახლებებიდან. რამოდენიმე ობიექტიდან უკვე გამოასახლეს და მათი მოთხოვნები გარემონტებული საქათმეებით დააკმაყოფილეს  გორში, წეროვანში...  ძალიანაც კარგი, მეტის ღირსები არ არიანო, ამასწინათ მოვკარი ყური ამგვარ ფრაზას! 
  ვაკეში, სტუდქალაქის ტერიტორიაზე, სადაც სამი  კორპუსი დგას და დაახლოებით, ოთხასამდე დევნილი ცხოვრობს, მოხდა მათი ძალადობრივი გამოსახლება. თურმე, ისინი არალეგალურად მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი არიან. უბინაოდ ხომ არავინ დარჩება!  სთავაზობენ სახლებს-კახეთისა და სამეგრელოს სხვადასხვა სოფლებში. იქიდან ისინი კარგად ივლიან თბილისში- უფროსები სამსახურში, რომელიც რის ვაი - ვაგლახით იშოვეს! ბავშვები კი, უმაღლესი დონის განათლებას მიიღებენ კარგად განვითარებულ სოფლის სკოლებში! დევნილების მიერ გამოთქმულ პროტესტს  საშინელებები მოჰყვა.  პატარა ბავშებს ნივთებთან ერთად ყრიდნენ სატვირთოში. არ დაინდოთ ერთმანეთი! ცემეთ! აფურთხეთ! დაუნგრიეთ ის ყველაფერი, რაც გააჩნიათ! მერე რა, მათ ხომ გამოიარეს უკვე ეს ყველაფერი?  გააგდეთ ყინვაში ქუჩაში! სიცხიანი ბავშვები გამოყარეთ! პოლიცია თავის მოვალეობას პირნათლად ასრულებს. დააჯილდოვეთ!
  დღესაც თვალწინ მიდგას იგივე კადრები! 1993 წელს, ზუსტად ასე შემაგდეს სატვირთოში და ზუსტად ასე არ ვიცოდი, რა მექნა, სად წავსულიყავი. 10 დღე და ღამე ვაირეთ ფეხით სვანეთის ცივი მთებით მშიერმა ხალხმა! ღამის 12 საათზე ან უფრო დიდხანს რიგში ვიდექით, თუ დგომა ერქვა იმას, რომ როგორმე 12 ლარი აგვეღო და პური გვეყიდა... ნოლიდან დავიწყეთ ცხოვრება!  მაშინ, ზოგი გულისტკივილით შეგვხვდა, ცრემლებით, ნუგეშით, თანადგომით, მაგრამ იყო აგრესიაც, მათხოვრები! დაგვიბინძურეს ქალაქი! წავიდნენ საიდანაც ჩამოეთრივნენ! ახლაც არ გამიკვირდება იგივე გაიმეოროს ვინმემ! ან მე არ გამომიცდია და რა ჩემი პრობლემაა ეს ყველაფერიო!
    საარსებო პროდუქტებზე და გადასახადებზე ფასების გაორმაგების პროცესი შეჩერდება გგონიათ? ასე გაგრძლედება  სანამ სული არ ამოგვხდება!
    ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის განვითარება, განა რომელ ქართველს არ გაუხარდება, მაგრამ საერთაშორისო იმიჯის შექმნა, ინვესტორებისთვის თვალის ახვევის ხარჯზე? სასაცილოა!
    გილოცავთ ხალხო, ძალადობით დაწყებულ 2011 წელს! აღარ მინდა ასეთ საქართველოში ცხოვრება! ზომბებად იქცნენ ადამიანები- აგრესიული და დაუნდობლები გახდნენ.  მე მეშინია! 
    იქნებ მართლა სჯობდეს  ისევ გავუდგე უკან სვანეთის გზას,  წავიდე იქ, საიდანაც ,,ჩამოვეთრიეთ“.  ის მაინც მეცოდინება, რომ ჩემს მშობლიურ კუთხეში ღირსეულად მომკლავს  რომელიმე აფხაზი და ჩემს მიწა-წყალზე მოვკვდები! 
    როდემდე?
      გაგვაძლიერე უფალო და მოგვეცი ძალა გავუძლოთ ამ ყველაფერს!
      საქართველო გაბრწყინდება, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ერთმანეთის მხარში დგომას ვისწავლით,  ერთმანეთის სიყვარულს და ...
                        ჩვენთან არს ღმერთი! 



დილა ფერისცვალების...


დილაა მზიანი და მაინც უბრალო,
შავ-თეთრით იცვლება სამყარო - ფერადი,
იისფერ სიყვარულს მთავაზობს უფალო,
პოეტი, რომელიც მოვიდა ჩემამდე.

მომსდევენ ფიქრები, ბნელი და უაზრო,
თანდათან მამძიმებს ჩემივე ცოდვები...
და შენთან მოსვლამდე ვიყავი უარზე,
უფალო, მე მაინც შენამდე ვცოცდები.

ვეცადე, თუმც მაინც გრძნობებზე ვთამაშობ,
სცენაზე მსახიობს ხვდებიან ეკლები...
და მთელი ქვეყანა ბაღია - საბავშვო,
უბრალო ქვეყანას უბრალოდ ვექნები.

(დღეს ვიწყებ ლოცვით და ვამთავრებ ცოდვებით.)


დილაა მზიანი, თაკარა, უნაკლო,
ისეთი, ლამაზი ჰაერი რომ ერთვის,
მე ყველგან გეძებე, ვერ გნახე უფალო,
შენ თურმე ჩემს გულში ყოფილხარ ყოველთვის.

(დღეს ვიწყებ ლოცვით და ვამთავრებ ლოცვებით.)






თეა თაბაგარი, დაიბადა 1985 წლის 11 სექტემბერს, ქ. ჭიათურაში.
2002 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 142-ე საშ. სკოლა.
2007 წელს ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
პირველი ლექსი 5 წლის ასაკში დაწერა. 13-14 წლიდან წერს ინტენსიურად.
2008 წელს გამოვიდა მისი ლექსების პირველი კრებული სახელწოდებით “ დუმილი ისმინე”.
რამდენიმე ლექსი დაბეჭდილია ჟურნალებში ”ლიტერატურული პალიტრა” და “ლიტერატურა და ხელოვნება” .
ბოლო წლებში დაწერილი ლექსების ძირითადი ნაწილი ინტერნეტ-სივრცეშია განთავსებული.

არის რამდენიმე ლიტერატურული კონკურსის ლაურეატი და პრიზიორი,
ორი ახალგაზრდული პოეტური კრებულის და ერთი კარტოგრაფიული სახელმძღვანელოს რედაქტორი
   
                                                                                                                              ©თეა თაბაგარი



ნაწარმოებები: 



(გულ)ღია ბარათი

სცივა გაზაფხულს, ვერ შეიშრო ჯერაც ნამქერი,
მსუყე ზამთრისგან გამოყოლილ ამინდებს უძლებს,
მოგონებების აბორგებულ აჩრდილს გავცქერი,
და მონატრება მახვევია არშიად გულზე,

შესაბამისად, შენზე ფიქრი დავიმეგობრე,
განშორების დრო ასე უფრო ადვილად გავა,
თუმცა მცირე ხნით მიაშურე მშობლიურ სოფელს,
ლექსად სათქმელი განცდით მაინც ამტკივდა თავი.

მანდ ახლა თოვლით დაფარულან სახურავები,
მთელი ნაღველი საკვამურებს გამოუხატავთ,
ჩვენთან ოცნებებს რეალობით ახურდავებენ,
თანდათან უფრო ძლიერდება გაქცევის ნატვრა.

ერთგულება კი ძველმოდური გამხდარა, თურმე,
და იშვიათი ხილი არის სიტყვა გულღია,
მაშინ როდესაც გულწრფელობას შენ არ იშურებ,
არ მალავ სითბოს და მწერ ფრაზებს სიყვარულიანს....


ჰაერი 

ეზო ქარშია. დღეებს მობეზრდათ
შენი დაღლილი სახის ყურება,
აღარ მიჰყვება ბილიკს ღობესთან
ბავშვობა, მარტივ ნაფეხურებად.

თვალებით იჭერ ნატვრის ნანგრევებს,
სხვა მხრივ არ ძალგიძს რეაგირება,
და ოცნებების მწვანე ლანქერიც
კალაპოტისკენ მიედინება.

კვლავ უთავბოლო წლებად გროვდები.
ფერიებს თოთო ყურძნის მტევნებით
თრობის შიში აქვთ... შენი ცოდვები
კი, ბერდებიან მიუტევებლად.

გასვლია ძველი ხიბლი იმ სურათს,
მეეზოვე რომ ქალაქს ალაგებს,
ყელში გაჩხერილ ჰაერს, მისნურად,
მელნით ფურცელზე ალაპარაკებ.



როდესაც დუმილიც ღალატია... (საქართველოს) 


რამდენი ხანია, რაც ამ ლექსს ვწერ,
იმედშემკრთალია მოლოდინი,
როგორ მეშინია არ წამექცე,
თითქოს, ყველა დილა ბოლო დღეა.
ზეცაც ჩამოიმხეს როცა თავზე,
ირგვლივ საპასუხო განგაშია,
მე კი, შენი სუნთქვის მოდარაჯეს,
უკვე მერამდენედ გამაცია…
შენი გულისცემით წამებს ვმარცვლავ,
მაგრამ ვეღარაფრით ვამარტივებ,
თვალებსაც ფერები გაუბაცდა,
ობმოკიდებული ნახატივით…
რამდენი ხანია, რაც ამ ლექსს ვწერ
და რა მცირედია… მაპატიე.




ერთგული ლექსი


ფერი იცვალეს ბაღში ატმებმა-
შემოდგომის მზე დაეტყოთ ღაწვზე,
შენ ხელისგულზე სვამ მონატრებას
და სულის ერთი შებერვით მაწვდენ.

მერე, ლოდინით შემოსილ მზერას
გადახუნებულ ჰორიზონტს აყრდნობ,
საღამოს ბინდი ჰაერს რომ სერავს,
ნატრობ, იცოდე, რას ვფიქრობ ამ დროს.

ვერ ეგუები სიშორეს, ჩემო,
მოთმინებასაც გაუდის ვადა,
ერთგული კადრი ამოვიჩემე-
შეხვედრის მომენტს თვალებით ვხატავ.

არ შემიძლია მარტივად დაგთმო,
სხვის გვერდით მშვიდად მეძინოს მკლავზე,
მაგას ჯობია, ვცხოვრობდე მარტო
და შენთან ყოფნის სურვილი მკლავდეს.

ფერი იცვალეს ბაღში ატმებმა...



დუმილი ისმინე!

დღეს ისევ უგონოდ ველოდი შენს მოსვლას,
კვნესოდა ფანჯარასმომწყდარი მზის სხივი,
ესმოდა ალვის ხეს... ვეღარას შველოდა,
ხეივნებს უდაბურს, დეკემბრის ნისლივით.

დღეს ისევ მაჯებზე ვითვლიდი ბილიკებს,
ისევე მაკლდი და ისევე გეძახდი,
ხევს იქეთ, ქარიშხლის ღმუილი ვითმინე,
მერე კვლავ სტრიქონებს ვთლიდი და ვძერწავდი.

დღეს თმებზე მიმადნა სინაზის მანდილი,
ჰაერში ამაოდ ვეძებდი სიმშვიდეს,
დრო არის შენიდან ჩემამდე მანძილი,
დუმილი_ჩემი ხმა, დუმილი ისმინე!

დღეს ისევ უგონოდ ველოდი შენს მოსვლას,
როგორც ბავშვობაში ველოდი ფანტელებს,
და მერე თეთრ თოვლზე მიხატულ ენძელას,
სამოსს ვუკოცნიდი მიწისგან ნაფერებს...

საღამო ჰორიზონტს მიადნა ახლახანს,
მე მზერას ვაზომებ ცას და თავს ვაბეზრებ,
თუ ბოლო იმედიც მოლოდინს ჩაბარდა,
წერით, ღამისთევის აქციას ვაგრძელებ.



Flamenco

შენ ხატავ, ფერებით ვან გოგის,
მზის ჩასვლის წინ ზღვების ნაპირებს,
ფუნჯით პეიზაჟებს აბოდებ,
და მაინც ვერაფრით მაკვირვებ.

გიწვავს ხელისგულებს გიტარა,
წყურვილებჩაუმცხრალს, გალეშილს,
ბოშა ვარ, მაცდური ხიტანა,
ვმკითხაობ თვალებით თვალებში.

გზას სული ელევა ლოდინში,
უჭერს ტროტუარი მარწუხებს,
არასდროს მექნება _ ბოდიში,
შენი მარტოობის პასუხად.

უნდა მოგიძულო საერთოდ,
თუნდაც გიწყევლია თავბედი,
მე ვცეკვავ სიკვდილთან Flamenco-ს,
და არ მიწერია დავბერდე.



ზღვარზე, ანუ სანამ ნაბიჯებს სვლა შეუძლიათ 

ვერც კი წარმოიდგენ, 
ახლა გაგიჟება 
ისე ადვილია,
სადაც ნაბიჯებს სვლა 
აღარ შეუძლიათ, 
გზები მთავრდებიან, 
მიუღწევადია 
ქვეყნად სამოთხე და 
სრული იდილია,
ასე ინფანტილურ 
ქალის ხასიათი 
ჩემი თავდებია.

გარეთ ამინდია, 
მისწვდა გაზაფხული 
ტოტებს, შეერია,
ტანწერწეტა ხეებს 
დაუმშვენებიათ 
ვიწრო პოდიუმი, 
შილიფღრუბლებიან 
ცაში ვაკვირდები 
ფერებს, ფეერიულს,
სულ ცოტა ხნის წინათ, 
ფიფქებს შევყურებდი, 
ძირს რომ მოდიოდნენ.

ქარი მოქანავე, 
ბებერ აივანზე 
შუბლით ეხეთქება,
მანვე გადახადა 
ყველა სახურავი 
სულებს, მარტოსულებს,
კვირტი ეწვით ტყემლებს 
შიშით, და აქა-იქ 
შეუთეთრდათ თმები,
ჩემთან სიმშვიდესაც 
დაუგვიანია, 
ან სულ არ მოსულა.

წლების აჩრდილები 
თვალებში შერჩენილ 
სხივებს აუქმებენ,
ჩანან ლექსებიდან 
უხმო ტკივილები, 
რასაც შენით ვძლიე,
მე კი, სანამ დროა, 
ჯერ კიდევ არსებულ 
ბილიკს გავუყვები... 
გზები მთავრდებიან, 
სადაც ნაბიჯებს სვლა 
აღარ შეუძლიათ.

                                                         

Thursday, April 12, 2012


გენრი დოლიძე დაიბადა 1988 წლის 22 ნოემბერს ქ. ქუთაისში.
1995-2006 წლებში სწავლობდა ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში. 2006-2010 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.
2004 წლიდან არის საქველმოქმედო ორგანიზაცია “კავკასიონის” დამფუძნებელი და მმართველი. ლექსებს წერს 10 წლის ასაკიდან. პირველი კრებული “მთვრალი დაისი” გამოსცა 2007 წელს.
არის რამ\დენიმე წიგნის თანაავტორი. 2011 წელს მეგობრებთან ერთად გამოსცა პოეტური კრებული “მეცხრე ტალღა”.
2010 წლიდან არის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.
2010 წლის დეკემბერში აიღო ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის I პრემია.
დაჯილდოვებულია იერუსალიმის პატრიარქის მედლით.
2010-2011 წლებში მიჰყავდა საავტორო გადაცემა “პოეზიის დილა” რადიო “საქართველოს ხმაზე”. არის გამომცემლობა “მერანის” გენერალური დირექტორი.
აქტიურად მონაწილეობს ლიტერატურულ კონკურსებსა და საერთაშორისო კონფერენციებში. არის რამდენიმე საერთაშორისო კონკურსის პრიზიორი. მისი ლექსები თარგმნილია ოთხ ენაზე.





                                            ქალი - მოვარდნილი ღვარი მდინარიდან 

(ეძღვნება ბარათაშვილის ხიდის მოაჯირზე ასულ, სუიციდით შეპყრობილ, ნათიას, რომელიც სიკვდილმა გადაიფიქრა!)


გენი ევასაგან მოგდგამს ვინაიდან,
დგახარ მოაჯირზე ცოდვას ეპირები!
ქალი -  
            მოვარდნილი ღვარი მდინარიდან.
კაცი - 
              წინ აღმდგარი ლოდი ჯებირების...

მართლა კარგად მესმის მას რაც შეუძლია,
ერთხელ მეც გავბედე, (უნდა ვთქვა კიდავაც)
კაცი -    
          გაცრეცილი ლექსის რვეულია,
ქალი  -
          ამ ლექსებზე ცეცხლის წაკიდება.

ჭიამაიების ერთი ოცეული 
ამინდს გავუცვალეთ, ჰოდა დღესდარია,
ქალი    
        ყვავილია ნორჩი - ბროწეულის,
კაცი?    
      კაცი ალბათ ფუტკრის ნესტარია,

ფუტკრის, ყვავილებს რომ გულში ჩარჩენიათ,
გული სიყვარულით როცა დაიმტვერა,
ქალი 
        შენია და თითქოს არც შენია, 
კაცი  
        გპატიობს და თითქოს, მაინც ვერა!

უკვე აფრინდი და მეცხრე ცას მიტოპავ,
მზერა დამფრთხალია, როგორც მეხში - შველი
კაცი 
        წვიმა არის
                            ქალი -
                                      წყალდიდობა!..
შენსკენ მეც მოვტოპავ ღრმად და ... ფეხშიშველი - 

მთვარე შენს ნაწნავში ვერ გამოეტია,
ცისკენ მიგაქანებს ფიქრთა ნიაღვარი,
კაცი ყოველთვის და ყველგან პოეტია
თუკი გაუგებს  და თავსაც შეაყვარებს

ქალი -  მოვარდნილი ღვარი მდინარიდან,
ტალღას აქაფებულს ჩემკენ მოაჯირი-
თებდა, თებერვალი იდგა ვინაიდან
კადრში გაიყინეთ შენ და მოაჯირი!








თავისუფალი ლექსი 


(თვითირონიესკა)                                                (სოფოს)
(მე მივდივარ, გულის გასაღებს შავი ზღვის ქვეშ ამოვდებ, ჰორიზონტის მხარეს. ნებისმიერ დროს შეგიძლია შესვლა, ოღონდ ცარიელი დაგხვდება! თუ შეხვიდე სული დაიწმინდე და ღრუბლები არ გადაწიო)

სანამ ამბავს დავიწყებდე,  ერთი წუთით, შემცივდა და უშენობას მოვიტან...
მექალთანე სხვას ნახავდა, უშენობის ერთგული ვარ უქალთანო....
გუშინ ჩემთან ერთი ძველი მეგობარი მოვიდა
მეკითხება: - მივდივარ და რას მაბარებ უფალთანო?
ენა დამე... დამეც დამე... დამე ბარე...და მე დამებარებინა ბარემ ბინა შენს გულში?!
სიტყვა მიყვარ, მიყვა... მიყვააა....მიჰყვა, მიჰყვა რგოლი რგოლს და დაეხვია რგოლი ძელს..
დრო (რა მოსატანია და) ყველა, ყველა, ყველა ღიმილს ფრესკულს შლის...
დრამა, დრამა, დამა დამა წიგნში დამასაფლავეთ სათაურით
                                                          "განისვენებს ღვთის ალქატი ვინმე გენრი დოლიძე"
ჩემს საფლავზეც გაიხარებს სოხუმური კვიპაროსი თუ პალმა...
გლოცავ გულით!  _ რასაც ვამბობ, გულით ვამბობ _ თქვენ გაჩუმდით ტუჩებო!
რას ვაბარებ? -  მე მივყვები ჩემს მეგობარს, თუ მიმიღო უფალმა...
რომ ზევიდან გადმოგხედო, დაგინახო, როგორა ხარ უჩემოდ! 



უშენოდ 

თვალები მომანათა ვარსკვლავმა ალმაცერად.
ღამეა, ვაკვირდები და ვხვდები რომ მარტი ჰგავს - 
- შენს მზიან თვალებს მეთქი აქ უნდა დამეწერა
და... ახლა გამახსენდა - არ გიყვარს რომანტიკა!...
ეს ლექსიც ჩემია და... ჩუმად და ჩემებურად
მე მაინც რომანტულ შენს მზერას ვეფერები.
მაგ ხშირი დალალებით მინდოდა შემებურა
ედემის ბაღები და ოცნების ტყე-ველები...
ხან მზეა შენს მზერაში, ხან კიდევ ღამე დგება...
ხან დაგსდევს მარტივით მარტივი ეგოიზმი,
მოჰგავხარ ნაადრევი ატმების აფეთქებას,
რომელშიც სამაისო აპრილის ექო ისმის...
უშენოდ დასეირნობს ნაპირზე განთიადი,
უშენოდ ვეგებები - თებერვლის გამარტებას.
უშენოდ მომეძალა საშენო ხასიათი,
უშენოდ - არის ახლა ამინდის განმარტებაც...




ერთი ქალი შემიყვარდა 

ერთი ქალი შემიყვარდა, 
ქალი, ხოხბისკისერა.
როცა ვკითხე, თუ ვუყვარდი,
მიპასუხა:
- ისე, რა!
გული წალკოტს დაემგვანა, 
ნარწყავსა და ნაბარავს.
გულს ჩავძახე: - შემიყვარებს?
ამომძახა:
-აბა რა!..
ერთი ქალის სიყვარულმა
გული გადამისერა,
მთვარეს ვკითხე: - შემიყვარებს?
მიპასუხა: 
-ისე, რა!..
მთვარემ გული გამიტეხა,
დავრჩი ბედის ამარა,
ცისკარს ვკითხე: - შემიყვარებს?
მიპასუხა: 
- აბა რა?!
მე მიყვარდა, იმან კიდევ
გული არ მომაბარა...
მკითხა - ჩემთვის თავს გაწირავ?
ვუპასუხე:
    - დავფიქრდები... ან გავწირავ, ან არა!..








    დახურეთ ზეცა!... 


(ილიას) 
წარსულს კალენდრის უჯრაში ვკეცავ,.... 
ვერ ჩამოვწყვიტე ლაჟვარდს ღრუბლები... 
არ შემაწუხოთ, დახურეთ ზეცა! 
ღმერთს გულახდილად ვესაუბრები...
-საკუთარ ძმათა სისხლში ვიღრჩობი 
სატრფოს ცრემლები მაწვიმს ნოტებად. 
ვეპოტინები კალთას ღვთისმშობლის, 
მხოლოდ მას ესმის ჩემი გოდება....
რა ვქნა, უფალო?!, დრო დადგა რთული - 
იმედი ვთესე, ამოდის ღვია...
და ვისაც ჩემი ვუძღვენი გული 
მადლობის ნაცვლად მაჯახა ტყვია! 
- ირბინე, სანამ ტყვია თბილია, 
დროს ჩამოგარჩენს ნაბიჯი ნელი! 
მოკვდე? - სიკვდილი ხომ ადვილია, 
დაბადებაა ამქვეყნად ძნელი!
-მაშ, სანამ ვცოცხლობ, ვირბენ მამულში,
ჯანდაბას ჩემი გულისნადები
და რომ მოვკვდები, ქართველთა გულში
მომავლის რწმენად დავიბადები!...
ჩემს ცხოვრებაშიც დადგა ავდარი, 
გულს შეეხიზნენ რუხი ღრუბლები... 
დახურეთ კარი, დახურეთ კარი! –
ღმერთს სამშობლოზე ვესაუბრები....




 გალაკტიონის უკანასკნელი ლოცვა


შევცოდე და მაინც უფალს,
მაინც უფალს ვუგალობ....
თუმცა ამ გულს გულზე ცრემლმა 
ბევჯერ გადაუარა
გევედრები, ფანჯარასთან 
ნუ მიმიშვებ, უფალო
თორემ მერე სულ ერთია
გადავხტები 
                        თუ
                                      არა!




 ერთი ხელით 

ერთი ხელით ცოტნე ვზარდეთ, მეორეთი ბაღვაში.
ერთ ხელს ომში ვიყენებდით, თოხნასა და ბარვაში 
მეორეთი ძმას ვახრჩობდით, თითს ვუქნევდით ნათსავს
ხან ვანგრევდით წინაპართა ნალაციცარ-ნაკვესარს.
იყო დრო და ვიკაენეთ, ხანაც ვიიაფეტეთ,
ხან მტერს თავი დავუხარეთ, ხან ძმას მუშტი ვაფეთეთ...
ერთი ხელით სადედოფლოდ გამოვზარდეთ ლომქალი,
მეორეთი წიწამურთან საქართველო მოვკალით... 
ხან ვუცქერდით მზიან ღამეს, ხან უმზეო აისებს,
ხანაც ვიცხრააპრილეთ და ხანაც ვიექვსმაისეთ
თავს რომ ვიქებთ  გაგვიზრდია აკაკი თუ ილია...
გავიხსენოთ საფარბეგიც ჩვენი გამოზრდილია..
ცალი ხელით ზარებს ვრეკდით, იალბუზი დავძარით, 
მეორეთი  დავანგრიეთ სამრეკლოც და ტაძარიც...
მეორდება ისტორია თავიდან და ბოლოდან
ალბათ ჯობდა თავიდანვე ცალი ხელი გვქონოდა



                  


          ვხტები სვეტიცხოვლის სიმაღლიდან... 

ფიქრი კაეშანით დანაფერი,
მზერა ჩაეხვია ჩაის ტრიალს,
ახლა ისე მტკივა არაფერი,
რომ ეს ყველაფერი ჩაითრია...
სული ამოდუღდა - ჩაიდანი,
შემომაგანგაშეს ამ ზარებმა,
ნერწყვი ნერვიანად ჩაიტანა - 
ცამდე - არაფერზე გამწარებამ...
სუნთქვის გავრცელების არეალით
სივრცეს მდუმარებას ჰპარავ ისევ
ყველა სიყვარულზე მწარე არის
ქვეყნად
          შეყვარება
                                არავისი!
ითვლი გულს რამდენი უკვნესია,
სისხლი შენს წილ ჟანგბადს პარავს ოდეს,
ცრემლზე უმწარესად უტკბესია
ქალს რომ ჰყვარებიხარ
                                        არასოდეს! 
სული ძნელია რომ გაიმეტო 
შეშლილს მოუწოდებ დალაგდიო,
რადგან გახსენდება, საიმედო 
ფრთები არ გაეხსნა გალაკტიონს,
ქარმა, ჩემი სუნთქვის მოცულობის,
ლექსზე ბოლო ტოტი მიმაღლიტა,
მრწამსის ყოველ სტრიქონს ვლოცულობ და
  ხ
  ტ
    ე
      ბ
        ი  სვეტიცოვლის სიმაღლიდან ...

                          წყალში!
"ნათელს იღებს მონა ღვთისა გიორგი!..."






         ძირს ვაზნებივით ყრია კვირტები


ძირს ვაზნებივით ყრია კვირტები, მარტის დაცლილი ჯერის,
სულიდან ლექსი ამოგიხიე, მაინც მიყურებ ყალბად...
ამბობ, რომ ლექსის დაიჯერე და ჩემი ნაკლებად გჯერა...
(ეს იგივეა, ლოცულობდე და ღმერთის არ გწამდეს, ალბათ...)
გაზაფხულია... ზეცა დახურეს ღრუბლის მაღალი ჭერით.
ძირს ვაზნებივით ყრია კვირტები ზალპით დაცლილი ჯერის...

გაზაფხულია, მარტი აპრილის რეპეტიციას იწყებს...
რა ხარ ასეთი სულზე დიდი და ნებისყოფაზე მოკლე?!
თუნდ ერთხელ მაინც მომაცხუნებდეს შენი თვალების სიცხე,
მერე თუ გინდა მზის შემთხვევითი სხივის გასროლით მომკლა...
ღმერთი მომასწრებს შენი თვალების წმინდა მირონი ვიცხო...
გაზაფხულია... მარტი აპრილის რეპეტიციას იწყებს!


გაზაფხულია... ხელში ყუმბარა აფეთქებია ჭერამს, 
(ცა ზღვასთან დაობს, და ჩვენ ხომ ვიცით ცა მართალია ცამდე)
მომდევნო კვირტის აფეთქებამდე დამირეკავდი, მჯერა!
ღმერთის რომ ცოტა, სულ ცოტა მაინც გეშინოდეს ან გწამდეს...
ძირს ვაზნებივით ყრია კვირტები ზალპით დაცლილი ჯერის!
ახლა შენზეა ბოლო  გასროლა გარდაუვლობის ჯერით!


ნუ მომკლავ!!!!!

Tuesday, April 10, 2012


გუგა გრიგოლია დაიბადა 1992 წლის 7 ოქტომბერს, 1999 წლიდან 2010 წლამდე გამოიცვალა 6 სკოლა, 2011 წლიდან სწავლობს ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, აქტიურად ეცნობა ფილოსოფიას, ფსიქოლოგიას და თოლოგიას, არ არის დაოჯახებული, თვლის რომ ოჯახის შექმნა უმეტესწილად სექსუალური ენერგიის მოზღვავების ბიოლოგიური შედეგია. არ ჰყავს მეგობრები, თვლის რომ მეგობრობა დიდწილად ნებაყოფლობით მომხმარებლობაზეა დაფუძნებული. არ ჰყავს გავლენიანი ნაცნობები, ანუ არ მუშაობს არსად. არ აწყობს პოეზიის საღამოებს, არ ბეჭდავს წიგნებს და აქტიურად არ ერთვება თანამედროვე ლიტერატურულ ცხოვრებაში, რადგან მისი აზრით თანამედროვე ქართული მწერლობა, მკითხველი და ზოგადად საზოგადოება ინტელექტუალურ კრიზისს განიცდის. იგი თავს პოეტად არ მიიჩნევს და თვლის რომ პოეზიას საკუთარი იდეოლოგიის გრძნობითი ტიპის ფენებში გავრცელებისთვის იყენებს. ის ხშირად აღნიშნავს რომ თანამედროვე ქართული ლიტერატურა იმდენ ხანს დარჩება ასეთ სასაცილო მდგომარეობაში სანამ ავტორები არ გააცნობიერებენ, რომ სანამ წერას დაიწყებ მანამდე როგორც მინიმუმ კითხვა უნდა ისწავლო.
                                                       ©გუგა გრიგოლია



ნაწარმოებები 



...მეტაფორები...

მე არასდროს ვვარგოდი მეტაფორებში,
ჩემი მეტაფორა ჩემივე თავია
ეკლებს შორის ეკლად რომ ამოვიდა და
თავს მაინც უცხოდ გძნობს.
თვალდახუჭული ხალხისთვის ცხოვრება უბრალო სიზმარია,
თვალგახელილი ხალხისთვის - გაურკვეველი გზაჯვარედინებით სავსე პროსპექტი,
ცალი თვალით დანახული ცხოვრება უნიჭო პოეზიაა,
რომელიც ძალაუნებურად იწერება და
შემდეგ მისი ენისბორძიკით კითხვა გიწევს,
სიკვდილმისჯილივით, რომელიც საკუთარ სასიკვდილო განაჩენს კითხულობს.
პოეზია უძლურთა და უსაქმურთა გასართობი სენია,
ეს იგივეა დღედაღამ მატარებლის რელსებზე არხეინად იწვე და
ცაში წვიმის მძიმე წვეთებს ითვლიდე.
ცხოვრებით ტკბობა პატარა ბამბის ნაყინია,
რომელიც მანამ მიაქვს ქარს, სანამ გემოს გაუგებ.
ყოველდღიურ ერთფეროვნებაზე დარდი წრიული კიბეა,
რომელიც დღითიდღე განადგურებს.
ეს ისეთივე ამაო და სიბრალულის მომგვრელია,
როგორც 40 წელს გადაცილებული მარტოხელა ქალების თვითგვემა,
სოციალური ქსელებისთვის ჩუმად აივანზე საკუთარ თავს სურათებს რომ უღებენ და
ნაოჭების დაფარვას ფოტოს გადანათებით რომ ცდილობენ,
თითქოს საკუთარი თავი აუქციონზე გაჰქონდეთ.
უბედურება ყველასთვის უბედურებაა,
მათთვისაც ვინც სახეზე მდიდრული ნიღაბი მოირგო და
მათთვისაც ვინც საბოლოოდ დაენარცხა მოყინულ ასფალტზე.
ცხოვრებაში ყველაფერი გენეტიკურია, ბედნიერებაც და უბედურებაც.
შვილები მშობლების გზას იმეორებენ.
ძალიან მარტივია ნებისმიერი ჭკვიანი ნაძირალისთვის
ისე ითამაშოს შენს ემოციებზე რომ ვერც კი მიხვდე როგორ მიახარჯე მთელი ცხოვრება,
გრძნობა და განწყობა არ არის აზროვნების და მითუმეტეს მოქმედების საბაბი.
ერთადერთი ვინც ცხოვრებაში მაკვირვებს ჩემივე თავია,
არაფრისგან რომ გადაიღალა და ყველაფერზე წუწუნებს.
ჩვენი ცხოვრება ერთი დიდი არაფერია
რამდენიმე მოგონებით და უამრავი წვრილმანით გადატენილი.

ბოლო დროს ვხვდები რომ ჩემი არსებობით უფრო მეტს ვაშავებ,
ვიდრე ჩემი არარსებობით დავაშავებდი.
მე არასდროს ვვარგოდი მეტაფორებში,
ჩემი მეტაფორა ჩემივე თავია
ეკლებს შორის ეკლად რომ ამოვიდა და
თავს მაინც უცხოდ გძნობს



... 2 ლენა..

როცა ორპირ ქარში, სარკის წინ შიშველი დგები, აუცილებლად ცივდები.
მე არასდროს არსად მეჩქარება,
არც მაშინ როცა ტანზე უამრავი რამ მაქვს ასხმული და
არც მაშინ, როცა ორპირ ქარში შიშველი ვდგები.
მე არასდროს ვჩქარობ,
ძლიერი ტალღა ყოველთვის თავისით აწყდება ნაპირს.
არ არსებობენ უიღბლო ქალები - არსებობენ უსუსური ან უნიათო ქალები,
ისინი ვისთვისაც ნამცხვრის ჭამა პირის გაღება და დახურვაა მხოლოდ.
მე არასდროს არსად მეჩქარება,
არც მაშინ როცა აზარტშიშესული, ჩქარი ნაბიჯით მივდივარ და
არც მაშინ როცა გიჟური სიჩქარით მომავალი მანქანების ცხვირწინ
აუღელვებლად გადავდივარ ქუჩაზე.
სხვის სიცოცხლეზე მეტად ხალხს საკუთარი მანქანა ადარდებს.
მაშინაც კი არავინ დაგეჯახება, როცა ქუჩაზე თვალდახუჭული გადადიხარ
ძვირადღირებული მანქანის შეკეთება ყოველთვის ძვირი ჯდება,
იაფფასიანი მანქანის შეკეთება კი კიდევ უფრო ძვირი,
იმიტომ რომ იაფფასიანი მანქანის ღარიბ მძღოლს
მანქანის შესაკეთებელი ფულის შეგროვება იმაზე ბევრად უფრო დიდხანს უწევს
ვიდრე ძვირადღირებული მანქანის შესაკეთებლად - მდიდარ მძროლს.
ყოველი ადამიანი თვითონვეა საკუთარი კითხვების პასუხი.
ყველაფრის პასუხი ბუნებაშია.
"ქალი მაიმუნს გავს, არასდროს გაუშვებს ერთ ლიანას ხელს,
სანამ მეორეს არ დაიჭერს ხელში"
მე არასდროს არსად მეჩქარება,
არც მაშინ როცა ტანზე უამრავი რამ მაქვს ასხმული და
არც მაშინ, როცა ორპირ ქარში შიშველი ვდგები.
მე არასდროს ვჩქარობ,
ძლიერი ტალღა ყოველთვის თავისით აწყდება ნაპირს.
შენ დგახარ სარკის წინ, სრულიად შიშველი
და მეორე ლიანას ამოწმებ,
შენ დგახარ სარკის წინ, სრულიად შიშველი
როგორც 2 ლენა,
როგორც 2 ლენა ერთ სხეულში ან პირიქით




...ძაღლიშვილობა - როგორც საშუალება...

“უკაცრავად თქვენ ძაღლიშვილი ხართ?
არა ალბათ მამათქვენი დროზე ადრე მოკვდა.
ძაღლიშვილობა ნებისმიერ ძაღლზე უფრო მარადიულია,
მაშინაც კი, როცა თვითონ ძაღლიშვილიც კი არაა მარადიული!”
- მიყვირის 19 წლის ბიჭი მეცხრე სართულიდან და ასფალტს ენარცხება.
იმისთვის რომ ეგზისტენციას მიაღწიო, უნდა დაიბადო და მოკვდე დღეში ასჯერ,
ადამიანი მარტო იბადება და მარტო კვდება,
დაბადებაც ისეთივე შეხვედრაა მარტოობასთან, როგორც სიკვდილი.
სიკვდილი დროებითი მარტოობიდან,
მარადიულ მარტოობაში გასასვლელი უბრალო კარია,
მაშინაც კი, როცა გაშეშებული დგახარ და ფეხსაცმელებზე
19 წლის ძაღლიშვილის ტვინი გასხია.
“უკაცრავად თქვენ ძაღლიშვილი ხართ?
არა ალბათ მამათქვენი დროზე ადრე მოკვდა.
მე ძაღლიშვილი ვარ, ზედმეტი ტვირთი ყველასთვის ზედმეტია,
მაშინაც კი როცა სულაც არაა ზედმეტი, თქვენ მოუვლით ჩემს პატარას?”
- მიყვირის ორსული ბავშვი და მატარებელს უვარდება ბორბლებში.
არსებობს ხალხი, რომელიც ტოვებს ცხოვრებას და
არსებობს ხალხი, რომელსაც ტოვებს ცხოვრება.
ძნელია გაიგო რა არის ნიჰილიზმი,
აფსურდისტი ხალხის რწმენა, თუ აფსურდული სამყაროს კანონი.
ეს ალბათ მხოლოდ ცვაიგმა, კამიუმ, ან უნანუნომ იციან,
რომელთა სიცოცხლე ისეთივე აფსურდული და ნებაყიფლობითი იყო,
როგორც მათი აფსურდული და ნებაყოფლობითი სიკვდილი.
“უკაცრავად თქვენ ძაღლიშვილი ხართ?
არა ალბათ მამათქვენი დროზე ადრე მოკვდა.
ძაღლიშვილობა ნებისმიერ ძაღლზე უფრო მარადიულია,
მაშინაც კი, როცა თვითონ ძაღლიშვილიც კი არაა მარადიული!”
- მიყვირის 19 წლის ბიჭი მეცხრე სართულიდან და
სრულებითაც არ მაკვირვებს ის ფაქტი, რომ გაკვირვებული არ ვარ.


ძაღლიშვილობა - როგორც საშუალება, როგორც საუკეთესო გზა ეგზისტენციალიზმისაკენ...



...ქალური შიშები... (მარიამ ჩოლოყაშვილს)

ადამიანს მხოლოდ მაშინ საყვედურობენ დაგვიანებას, როცა მას ელოდებიან,
ყველაფერი დანარჩენი - არაფრის ქონის ანდა
არაფრის უქონლობის უბრალო, მორიგი საყვედურია არაფრისადმი.
დიდი ხანია ვუცდი ჩემს თავს,
ისეთს როგორიც ვარ, ან ისეთს როგორიც მინდა ვიყო,
დიდი ხანია ვუცდი ჩემს თავს,
ისეთს როგორიც, გაივლის ქუჩაში და
ყველა მათხოვარს ლამბორჯინის გასაღებს აჩუქებს
რომელიც დინჯად მივა სახლში და
ცოლ-შვილის მადლიერ სახეს დაინახავს იმდენჯერ,
რამდენჯერაც ამის სურვილი ექნება.
და რადგან დიდი ხანია ვუცდი ჩემს თავს
და რადგან ჯერ კიდევ ვუცდი და მეტი არაფერი,
ვზივარ და ვითვლი ქალებს,
რომლებიც მხოლოდ იმის გამო იტანჯებიან, რომ რატომღაც ვუყვარვარ,
იტანჯებიან იმით რომ არ ვქრები და არა პირიქით.
იმით რომ მათი დიდი ნაწილი მხოლოდ იმისთვის მჭირდებოდა რომ
თვითკმაყოფილება მეგრძნო და მეთქვა რომ არასრულფასოვნების კომპლექსი
ისეთივე მითია, როგორც რაიმე სხვა მითი,
რომ შუა ღამისას კარნეგიებურად თავაწეულს მევლო და
წვერზე დინჯად მომესვა ხელი,
იტანჯებიან იმით რომ ქალებისგან ხშირად მხოლოდ ლამაზ მოგონებებს ვაგროვებ,
რომ, მათი დიდი ნაწილი მხოლოდ საცდელი თაგვი იყო ჩემთვის,
რომ მათი დამსახურებით მე ჩემი იდეოლოგიის პატარა,
მაგრამ დიდი ნაწილი შევქმენი - გუგა გრიგოლიასეული ფილოსოფიის მორიგი თეზისი.
რომ ჩემთვის ხშირად ცხოვრება,
ფსიქოლოგიურ ექსპერიმენტთა ერთი დიდი ხროვაა და არაფერი მეტი,
რომ ხშირად მე მიყვარს საკუთარი თავი და მეცნიერება მხოლოდ,
იმიტომ, რომ ჩემი ფიქრები ჩემთვის ისეთივე მეცნიერულია რამდენადაც ჩემეული ან
იმდენად ჩემეული, რამდენადაც რაიმე სხვა ჩემეული.
იტანჯებიან იმით, რომ მათთვის კატასავით ცხრა სიცოცხლე მაქვს
და ცხრავე - მათთვის გაუგებარი,
რომ ადრეც ისევე როგორც ახლა,
ვიჯექი მშვიდი, უემოციო სახით და ვუცდიდი ჩემს თავს,
რომლის მოსვლა-არ მოსვლის საკითხიც ისეთივე გაურკვეველია როგორც
რაიმე სხვა გაურკვეველი საკითხი.
საინტერესოა რას ნიშნავს დანაშაული, ვინაა ნამდვილი დამნაშავე,
ის ვინც ვერანაირად ვერ მოახერხა ჩემთვის
ჩემი ჩემეული ფიქრების და ახირებების ჩანაცვლება,
თუ მე, ვისაც ის მაინც მაქვს სათქმელი, რომ მე ვარ მე
და არა ისეთივე სხვა, როგორც რაიმე სხვა.
ცხოვრება იმდენად პირდაღებული რამაა, რამდენადაც შენი კითხვა,
კი! - ორი ხე ტყეა,
ორი მგელი ჯოგი,
ორი ცხვარი ფარა,
და არასდროს ვვარგოდი არც ტყის არც ჯოგის და არც ფარის ნაწილად.
და ამიტომაც რჩება ჩემთვის გაურკვეველ ფენომენად
ჯგუფური ჭამა, ჯგუფური ცეკვა, ჯგუფური მომავალი...
ყველაზე კარგად ალბათ ჩემი ახალგადმოსული მეზობელი მიცნობს,
რომელმაც ჩემი სახელიც კი არ იცის...
თუ გინდა ქალს საკუთარი ვინაობა დაანახო,
ჯერ ის უნდა აჩვენო, თუ ვინ არ არის.
ეს ისეთივე სასიამოვნოა, როგორც
შენი გაკვირვებული სახე წითელთმიანი პანკების გარემოცვაში
თუ გინდა ქალს შენი ვინაობა დაანახო,
მაშინ ისღა დაგრჩენია რომ უბრალოდ გინდოდეს ეს,
იმიტომ რომ ვერასდროს ვერავინ დაუღეჭავს საჭმელს,
როცა მის ჭამას თვითონ აპირებს და არა სხვა.
ეს ყველაფერი დაიწყო მაშინ, როცა გულაღმა დაწექი,
როცა თქვი, რომ ყველა გულს თავისი გასაღები აქვს
და ეს ყველაფერი იმდენად საინტერესოა, რამდენადაც შენი სახე, როცა
გაოგნებული უყურებ როგორ ვეძებ გულის ჯიბეში ასანთის კოლოფს,
როცა ორივემ შესანიშნავად ვიცით რომ ეს ჯიბე ცარიელია.
ბავშვობაში ყოველთვის მინდოდა პატარა და, კიკინებით და დიდი ლოყებით.
მე და არ მყავს.
ბავშვობაში ყოველთვის მაკვირვებდა ის რომ მეგობრები არ მყავდა.
მე მეგობრები არ მყავს
თუ გინდა, რომ სრულფასოვან ადამიანად ჩამოყალიბდე,
მაქსიმუმ და უნდა გყავდეს, მინიმუმ მეგობრები და სასურველია ექიმიც.
ეს ისეთივე აუცილებელია, როგორც შენი გაკვირებული სახე,
როცა ცივი უარით გაგისტუმრე მაშინ, როცა დობა შემომთავაზე,
ეს ისეთივე მარადიულია, როგორც შენი გაოგნებული სახე
როცა ცივი უარით გაგისტუმრე მაშინ, როცა მეგობრობა შემომთავაზე
და ეს იმდენად დაუვიწყარია, როგორც შენი განცვიფრებული სახე,
როცა ცივი უარით გაგისტუმრე მაშინ, როცა ჩემი ხილვა ექიმის ამპულაში ისურვე
მე იმდენად მიყვარს ჩემი არასრულფასოვნება,
რომ არასდროს მეყოლება დები ან მეგობრები.
ადამიანს მხოლოდ მაშინ საყვედურობენ დაგვიანებას, როცა მას ელოდებიან
ყველაფერი დანარჩენი - არაფრის ქონის ანდა
არაფრის უქონლობის უბრალო, მორიგი საყვედურია არაფრისადმი.
დიდი ხანია ვუცდი ჩემს თავს და არ ჩანს...



ქალური შიშები, როგორც დაურწმუნებლობა,
როგორც უბრალო დაეჭვება საკუთარი პიროვნების უნიკალურობაში.


    ©

არჩილ ბერიძე დაიბადა1987 წლის 7 დეკემბერს, ქალაქ ბათუმში. 1994-2005 წლებში სწავლობდა ქალაქ ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის 22-ე საშუალო სკოლაში. 2005-2009 წლებში სწავლობდა ქ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2009-2011 მუშაობდა  ბათუმის საკრებულოში.
ყავს ორი ძმა, თორნიკე და მამუკა. დედა - ნანული სურმანიძე დიასახლისია. მამა მერაბ ბერიძე მუშაობს ქ. ბათუმის მერიაში.
არის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. პერიოდულად იბეჭდება გაზეთ აჭარაში და ჟურნალ ჭოროხში. არის კონკურს “მერანის” დიპლომანტი. 2010 წელს გამოსცა საერთო წიგნი “აბგდ”, სადაც გაერთიანებულია მისი, როინ აბუსელიძის, გენრი დოლიძის და გიორგი გაბაიძის ლექსები. 2011 წელს გამოსცა საერთო წიგნი “მეცხრე ტალღა”.
თავის მეგობრებთან ერთად  რეგულარულად მართავს ლიტერატურულ საღამოებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.


                                                                                                                        ©არჩილ ბერიძე



ნაწარმოებები:


ბრმის მონოლოგი


ჩემს სახლში შუქი არ არის,
არც მჭირდება...…
რადიოს ტელევიზორის ფუნქცია აქვს.

შემიძლია მხოლოდ ერთი თხოვნა ავასრულო,
„თვალები დახუჭე და როცა გეტყვი გაახილე”,
მაგრამ ამასაც ნაწილობრივ მხოლოდ.
შემიძლია თხოვნის გარეშე გისმინო...
წერტილები მიყვარს ძალიან,
რადგან წერტილებით ვწერ
და წერტილებითვე ვკითხულობ ხოლმე.

სიბნელის მეშინოდა, მაგრამ მივეჩვიე უკვე.
დამალობანა? არასოდეს მითამაშია,
რადგან არ მიყვარს ფრაზა:
-„ვიხილები და მოვდივარ”...

ცურვა მიყვარს ძალიან,
ჰორიზონტი ყოველთვის ახლოს არის...
ზღვას ვერ ვხედავ,
მაგრამ ცისფერი სუნი მცემს...
გაგიკვირდება...

მხიარული ძაღლი მყავს,
გუშინ გავიგე, უფრო სწორედ მითხრეს,
რომ შავი ფერის ყოფილა,
თუმცა ჩემთვის რა აზრი აქვს,
მთავარია, რომ მხიარულია...

ამას წინათ რადიოში გამოაცხადეს,
რომ მზის დაბნელება იქნებაო,
ჰოდა ვემზადები,
საინტერესოა მგონი...

ვიცი რომ არასდროს გათენდება,
სიკვდილისაც აღარ მეშინია, რადგან...

ჩემს სახლში შუქი არ არის..




სამყურა



მე ვზივარ, შენ ზიხარ, თქვენ სხედხართ, ისინი
არ სხედან ღრუბლების მესამე კიბეზე,
შენ ნელა მიყვები კიბეებს, იცინი,

დღე არის, მეხუთე აპრილის ერთიდან,
დრო კიდევ - მეათე წუთია პირველის,
მე მინდა გიყურო, მიყურო შენც გინდა.

მოდიან ისინი, მოვდივართ ბოლოდან,
ვუყურებთ ერთმანეთს, გვწყინდება არასდროს
და მთელი ჰაერი, ჩამოჰგავს კოლონას.

მე ვზივარ, შენ ზიხარ, ჩვენ ვსხედვართ...




სველი პელიკანი




საგრაფო სასახლიდან უცქერდა შევალიე,
ფაშფაშა სამოსელით მოკაზმულ მანდილოსანს...
წამები, საათები მეც ასე შევალიე -
შენს ტუჩებს - დაღალული მზერა რომ დამიკოცნა.

და სადღაც დასველებულს ვემსგავსე პელიკანებს,
წვიმა რომ დაიწყო და მე ზურგი მივაგებე,
ერთი კი ცხადად მახსოვს, თავი ვერ შევიკავე,
გაკოცე, მინდოდა და მომენტით ვისარგებლე.

მახსოვდა ის სხეულიც, რომელზეც სილუეტებს
ვხატავდი თითებით და მკერდამდე მივიტანე,
შენ კიდევ სიყვარულით დამსაჯე მითუმეტეს,
და სამჯერ უარმყავი... და მამლის ყივილამდე.

სულ მცირე წამებია შერწყმამდე ქართა, ხეთა,
ელვის ხმას დაუფრთხია ჩიტები სადენებზე,
დამჩემდა სიყვარულში ასაკით გარდატეხა,
სწორედ ის შემიყვარდა თვალს რომ არ ვადევნებდი.

წამები, საათები მეც ასე შევალიე -
შენს ტუჩებს - დაღალული მზერა რომ დამიკოცნა,
საგრაფო სასახლიდან უცქერდა შევალიე,
ფაშფაშა სამოსებით მოკაზმულ მანდილოსანს...




განშორების პოეზია


შავი ღამეები გავათენე,
ბევრჯერ შიშისაგან გავიტრუნე,
გორდება სიკვდილის კამათელი,
(თვალები - სიცოცხლის გარნიტურა,
ფიქრები - საოცარი გარნიზონი).
სიცხე ვარაუდით გავიზომე.

დაცურავს ტალღებზე გალეონი
სისველეს ფესვებით ვაფასებდი,
ჩაიწვა ბოლომდე ყალიონი,
ფიქრები ჩავყლაპე ნაფაზებად,
თვალებზე სისველე შევიმშრალე,
სიკვდილი არ არის ჩემი ბრალი.

ვიღვიძებ არათუ სასთუმალზე,
არამედ სხეულზე ორეულის,
თუ ჩემს თავს სიმართლე დავუმალე,
დავრჩები ტკივილით მოლეული,
რადგან ეს წყეული გაგიჟება,
მე ვიცი ძვირად, რომ დამიჯდება.

მივდივარ, სიცოცხლის ზურგის ჩანთა
მიმაქვს და უთუოდ არ ვინანებ,
(ბოდიში ცრემლები თუ მიჩანდა)...
ჩემი გადამრჩენი არვინ არის,
უფალო ცოდვილი შემიბრალე,
სიკვდილი არ არის ჩემი ბრალი.




გინდოდა გეთქვა...
(თათას)
ვიცი მინატრებ, როგორც წვიმას უდაბნოს გზირი,
მთავრდება ძილი, უფრო სწორედ მე თვითონ ვმარხავ,
შენი თვალების წამწამების ცრემლები - ხშირი
ჩემი თვალების წამწამებით იწყება რახან.

იტევ სხეულში ათას ტკივილს და არცერთ სითბოს,
პატარა გულში გემატება ჩვეულად ფეთქვა,
არაფერს ამბობ, გეცინება და ვხვდები თითქოს
გინდოდა (ბევრი არაფერი), "მიყვარხარ" გეთქვა.



თარიღი - ახლა შენთან ვარ



თეთრით შეივსო ჩემი ეზოს მთელი ვენახი,
გარეთ წყალია უფრო მეტად, ვიდრე ხმელეთი,
როგორ ძნელია უშენობის გულში შენახვა,
როგორ მომინდა მეხებედოს შენი ხელები.

ამ თებერვალსაც შეუყვარდა თოვლი - მოახლე,
სანთებელათი თითებს ვითბობ, ვსუნთქავ მეთანით,
კედლის კალენდარს, გაყინული ხელით მოვახევ
თარიღს, რომელსაც აწერია - ახლა შენთან ვარ.




კადრების მოლოდინი

ზამთარს სუსხი უსინჯავს, თარიღების გარეკანს,
ქუჩას ვხედავ ატყვია, გაყინული კენჭები,
ველი ვინმე მოვა და კარზე ისე დარეკავს,
რომ ვიფიქრო შენ ხარ და ერთი სიტყვით ვეჩვევი -

უშენობას, რადგანაც, მქვია ახლა ოცნება,
ფასით ისე დავეცი, გაფიქრებამ მიყიდა,
და ყოველ დღეს დღეიდან, რაც კალენდარს მოძვრება,
წელთაღრიცხვას დავარქმევ, რომ დამტოვე იქიდან.

ამ ლექსს პათეტიკური პოზა აქვს და ვიფიქრე -
ახლა ჩემში ბევრია, უარაფრო ფაუსტი,
ცაში ხელებაწვდილი ვიჭერ მგონი იმ ფიფქებს,
შენ რომ ტუჩი შეახე, შეახე და გაუშვი.

მთვარე ღრუბელს იხდის და კადრს შევცქერი წამიერს,
ჩვენც გვიყვარდა ერთურთი ცალმხრივად და სრულებით,
კითხულობდი ჩემს ლექსებს და ოცნების მაგიერ -
მჯეროდა რომ ერთმანეთს მაინც ავისრულებდით.

ზამთარს სუსხი უსინჯავს, თარიღების გარეკანს,
ველი ვიღაც მოვა და კარზე ისევ დარეკავს...........




მ ა რ ტ ი

თორმეტზე შეჩერდა საათის ისრები,
დასწყევლოს, იმედის მისხალიც არ დამრჩა,
ვხვდები რომ ცოდვებით დღითიდღე ვისვრები
და მინდა სასხლეტი მოვქაჩო დამბაჩას.

უაზრო წამებით ერთია ღამისკენ,
უშენოდ შერთვია ფიქრები წამებას,
გავმხდარვარ მწყევარი საკუთარ თავის მე,
საკუთარ თავის მე... გაიგოს გამგებმა.

სიცოცხლით დაღლილი თუ ხვდება სამოთხეს,
მზადა ვარ სასწრაფოდ შევიკრა კამარა,
გამხმარი ხის ტოტი ვაი რომ ჩამოტყდეს,
ძაღლივით დავრჩები მარყუჟის ამარა.

ოპტიმიზმს შევმატებ სიცოცხლის არშიას,
აღარ მსურს დამბაჩის სასხლეტი დამისხლტეს,
სიკვდილი რატომღაც ყოველთვის ფარსია
და სწორედ ამიტომ სიცოცხლე გავრისკე.




იწამე - მიყვარხარ

ღამეა,
ქუჩა
თუ ვიღაცის პროსპექტი,
ჩიტები უცდიან წვიმას,
რომ გაერთონ,
მსურდეს და უთუოდ
სიგარეტს მოვწევდი,
ნეტავი ვიცოდე,
რა მინდა
საერთოდ.

გელოდე იმდენხანს,
კინაღამ მივღამდი,
ვკანკალებ,
ქურთუკს კი აწვალებს
სიცივე,
საათებს მოვხსენი
სიყალბის ნიღაბი,
მერე კი დავჯექი,
უშენოდ ვიცინე.

ფაქტია არ მოხვალ,
გიცდიდი რის გამო,
ხელები ცივია,
მზერაზე ნაკლებად,
ჩერდება
დროება და უნდა
იწამო –
მიყვარხარ!
ახლა კი ავტობუსს გავყვები.