Tuesday, April 10, 2012


არჩილ ბერიძე დაიბადა1987 წლის 7 დეკემბერს, ქალაქ ბათუმში. 1994-2005 წლებში სწავლობდა ქალაქ ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის 22-ე საშუალო სკოლაში. 2005-2009 წლებში სწავლობდა ქ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2009-2011 მუშაობდა  ბათუმის საკრებულოში.
ყავს ორი ძმა, თორნიკე და მამუკა. დედა - ნანული სურმანიძე დიასახლისია. მამა მერაბ ბერიძე მუშაობს ქ. ბათუმის მერიაში.
არის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. პერიოდულად იბეჭდება გაზეთ აჭარაში და ჟურნალ ჭოროხში. არის კონკურს “მერანის” დიპლომანტი. 2010 წელს გამოსცა საერთო წიგნი “აბგდ”, სადაც გაერთიანებულია მისი, როინ აბუსელიძის, გენრი დოლიძის და გიორგი გაბაიძის ლექსები. 2011 წელს გამოსცა საერთო წიგნი “მეცხრე ტალღა”.
თავის მეგობრებთან ერთად  რეგულარულად მართავს ლიტერატურულ საღამოებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.


                                                                                                                        ©არჩილ ბერიძე



ნაწარმოებები:


ბრმის მონოლოგი


ჩემს სახლში შუქი არ არის,
არც მჭირდება...…
რადიოს ტელევიზორის ფუნქცია აქვს.

შემიძლია მხოლოდ ერთი თხოვნა ავასრულო,
„თვალები დახუჭე და როცა გეტყვი გაახილე”,
მაგრამ ამასაც ნაწილობრივ მხოლოდ.
შემიძლია თხოვნის გარეშე გისმინო...
წერტილები მიყვარს ძალიან,
რადგან წერტილებით ვწერ
და წერტილებითვე ვკითხულობ ხოლმე.

სიბნელის მეშინოდა, მაგრამ მივეჩვიე უკვე.
დამალობანა? არასოდეს მითამაშია,
რადგან არ მიყვარს ფრაზა:
-„ვიხილები და მოვდივარ”...

ცურვა მიყვარს ძალიან,
ჰორიზონტი ყოველთვის ახლოს არის...
ზღვას ვერ ვხედავ,
მაგრამ ცისფერი სუნი მცემს...
გაგიკვირდება...

მხიარული ძაღლი მყავს,
გუშინ გავიგე, უფრო სწორედ მითხრეს,
რომ შავი ფერის ყოფილა,
თუმცა ჩემთვის რა აზრი აქვს,
მთავარია, რომ მხიარულია...

ამას წინათ რადიოში გამოაცხადეს,
რომ მზის დაბნელება იქნებაო,
ჰოდა ვემზადები,
საინტერესოა მგონი...

ვიცი რომ არასდროს გათენდება,
სიკვდილისაც აღარ მეშინია, რადგან...

ჩემს სახლში შუქი არ არის..




სამყურა



მე ვზივარ, შენ ზიხარ, თქვენ სხედხართ, ისინი
არ სხედან ღრუბლების მესამე კიბეზე,
შენ ნელა მიყვები კიბეებს, იცინი,

დღე არის, მეხუთე აპრილის ერთიდან,
დრო კიდევ - მეათე წუთია პირველის,
მე მინდა გიყურო, მიყურო შენც გინდა.

მოდიან ისინი, მოვდივართ ბოლოდან,
ვუყურებთ ერთმანეთს, გვწყინდება არასდროს
და მთელი ჰაერი, ჩამოჰგავს კოლონას.

მე ვზივარ, შენ ზიხარ, ჩვენ ვსხედვართ...




სველი პელიკანი




საგრაფო სასახლიდან უცქერდა შევალიე,
ფაშფაშა სამოსელით მოკაზმულ მანდილოსანს...
წამები, საათები მეც ასე შევალიე -
შენს ტუჩებს - დაღალული მზერა რომ დამიკოცნა.

და სადღაც დასველებულს ვემსგავსე პელიკანებს,
წვიმა რომ დაიწყო და მე ზურგი მივაგებე,
ერთი კი ცხადად მახსოვს, თავი ვერ შევიკავე,
გაკოცე, მინდოდა და მომენტით ვისარგებლე.

მახსოვდა ის სხეულიც, რომელზეც სილუეტებს
ვხატავდი თითებით და მკერდამდე მივიტანე,
შენ კიდევ სიყვარულით დამსაჯე მითუმეტეს,
და სამჯერ უარმყავი... და მამლის ყივილამდე.

სულ მცირე წამებია შერწყმამდე ქართა, ხეთა,
ელვის ხმას დაუფრთხია ჩიტები სადენებზე,
დამჩემდა სიყვარულში ასაკით გარდატეხა,
სწორედ ის შემიყვარდა თვალს რომ არ ვადევნებდი.

წამები, საათები მეც ასე შევალიე -
შენს ტუჩებს - დაღალული მზერა რომ დამიკოცნა,
საგრაფო სასახლიდან უცქერდა შევალიე,
ფაშფაშა სამოსებით მოკაზმულ მანდილოსანს...




განშორების პოეზია


შავი ღამეები გავათენე,
ბევრჯერ შიშისაგან გავიტრუნე,
გორდება სიკვდილის კამათელი,
(თვალები - სიცოცხლის გარნიტურა,
ფიქრები - საოცარი გარნიზონი).
სიცხე ვარაუდით გავიზომე.

დაცურავს ტალღებზე გალეონი
სისველეს ფესვებით ვაფასებდი,
ჩაიწვა ბოლომდე ყალიონი,
ფიქრები ჩავყლაპე ნაფაზებად,
თვალებზე სისველე შევიმშრალე,
სიკვდილი არ არის ჩემი ბრალი.

ვიღვიძებ არათუ სასთუმალზე,
არამედ სხეულზე ორეულის,
თუ ჩემს თავს სიმართლე დავუმალე,
დავრჩები ტკივილით მოლეული,
რადგან ეს წყეული გაგიჟება,
მე ვიცი ძვირად, რომ დამიჯდება.

მივდივარ, სიცოცხლის ზურგის ჩანთა
მიმაქვს და უთუოდ არ ვინანებ,
(ბოდიში ცრემლები თუ მიჩანდა)...
ჩემი გადამრჩენი არვინ არის,
უფალო ცოდვილი შემიბრალე,
სიკვდილი არ არის ჩემი ბრალი.




გინდოდა გეთქვა...
(თათას)
ვიცი მინატრებ, როგორც წვიმას უდაბნოს გზირი,
მთავრდება ძილი, უფრო სწორედ მე თვითონ ვმარხავ,
შენი თვალების წამწამების ცრემლები - ხშირი
ჩემი თვალების წამწამებით იწყება რახან.

იტევ სხეულში ათას ტკივილს და არცერთ სითბოს,
პატარა გულში გემატება ჩვეულად ფეთქვა,
არაფერს ამბობ, გეცინება და ვხვდები თითქოს
გინდოდა (ბევრი არაფერი), "მიყვარხარ" გეთქვა.



თარიღი - ახლა შენთან ვარ



თეთრით შეივსო ჩემი ეზოს მთელი ვენახი,
გარეთ წყალია უფრო მეტად, ვიდრე ხმელეთი,
როგორ ძნელია უშენობის გულში შენახვა,
როგორ მომინდა მეხებედოს შენი ხელები.

ამ თებერვალსაც შეუყვარდა თოვლი - მოახლე,
სანთებელათი თითებს ვითბობ, ვსუნთქავ მეთანით,
კედლის კალენდარს, გაყინული ხელით მოვახევ
თარიღს, რომელსაც აწერია - ახლა შენთან ვარ.




კადრების მოლოდინი

ზამთარს სუსხი უსინჯავს, თარიღების გარეკანს,
ქუჩას ვხედავ ატყვია, გაყინული კენჭები,
ველი ვინმე მოვა და კარზე ისე დარეკავს,
რომ ვიფიქრო შენ ხარ და ერთი სიტყვით ვეჩვევი -

უშენობას, რადგანაც, მქვია ახლა ოცნება,
ფასით ისე დავეცი, გაფიქრებამ მიყიდა,
და ყოველ დღეს დღეიდან, რაც კალენდარს მოძვრება,
წელთაღრიცხვას დავარქმევ, რომ დამტოვე იქიდან.

ამ ლექსს პათეტიკური პოზა აქვს და ვიფიქრე -
ახლა ჩემში ბევრია, უარაფრო ფაუსტი,
ცაში ხელებაწვდილი ვიჭერ მგონი იმ ფიფქებს,
შენ რომ ტუჩი შეახე, შეახე და გაუშვი.

მთვარე ღრუბელს იხდის და კადრს შევცქერი წამიერს,
ჩვენც გვიყვარდა ერთურთი ცალმხრივად და სრულებით,
კითხულობდი ჩემს ლექსებს და ოცნების მაგიერ -
მჯეროდა რომ ერთმანეთს მაინც ავისრულებდით.

ზამთარს სუსხი უსინჯავს, თარიღების გარეკანს,
ველი ვიღაც მოვა და კარზე ისევ დარეკავს...........




მ ა რ ტ ი

თორმეტზე შეჩერდა საათის ისრები,
დასწყევლოს, იმედის მისხალიც არ დამრჩა,
ვხვდები რომ ცოდვებით დღითიდღე ვისვრები
და მინდა სასხლეტი მოვქაჩო დამბაჩას.

უაზრო წამებით ერთია ღამისკენ,
უშენოდ შერთვია ფიქრები წამებას,
გავმხდარვარ მწყევარი საკუთარ თავის მე,
საკუთარ თავის მე... გაიგოს გამგებმა.

სიცოცხლით დაღლილი თუ ხვდება სამოთხეს,
მზადა ვარ სასწრაფოდ შევიკრა კამარა,
გამხმარი ხის ტოტი ვაი რომ ჩამოტყდეს,
ძაღლივით დავრჩები მარყუჟის ამარა.

ოპტიმიზმს შევმატებ სიცოცხლის არშიას,
აღარ მსურს დამბაჩის სასხლეტი დამისხლტეს,
სიკვდილი რატომღაც ყოველთვის ფარსია
და სწორედ ამიტომ სიცოცხლე გავრისკე.




იწამე - მიყვარხარ

ღამეა,
ქუჩა
თუ ვიღაცის პროსპექტი,
ჩიტები უცდიან წვიმას,
რომ გაერთონ,
მსურდეს და უთუოდ
სიგარეტს მოვწევდი,
ნეტავი ვიცოდე,
რა მინდა
საერთოდ.

გელოდე იმდენხანს,
კინაღამ მივღამდი,
ვკანკალებ,
ქურთუკს კი აწვალებს
სიცივე,
საათებს მოვხსენი
სიყალბის ნიღაბი,
მერე კი დავჯექი,
უშენოდ ვიცინე.

ფაქტია არ მოხვალ,
გიცდიდი რის გამო,
ხელები ცივია,
მზერაზე ნაკლებად,
ჩერდება
დროება და უნდა
იწამო –
მიყვარხარ!
ახლა კი ავტობუსს გავყვები.



No comments:

Post a Comment