Tuesday, April 10, 2012


გუგა გრიგოლია დაიბადა 1992 წლის 7 ოქტომბერს, 1999 წლიდან 2010 წლამდე გამოიცვალა 6 სკოლა, 2011 წლიდან სწავლობს ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, აქტიურად ეცნობა ფილოსოფიას, ფსიქოლოგიას და თოლოგიას, არ არის დაოჯახებული, თვლის რომ ოჯახის შექმნა უმეტესწილად სექსუალური ენერგიის მოზღვავების ბიოლოგიური შედეგია. არ ჰყავს მეგობრები, თვლის რომ მეგობრობა დიდწილად ნებაყოფლობით მომხმარებლობაზეა დაფუძნებული. არ ჰყავს გავლენიანი ნაცნობები, ანუ არ მუშაობს არსად. არ აწყობს პოეზიის საღამოებს, არ ბეჭდავს წიგნებს და აქტიურად არ ერთვება თანამედროვე ლიტერატურულ ცხოვრებაში, რადგან მისი აზრით თანამედროვე ქართული მწერლობა, მკითხველი და ზოგადად საზოგადოება ინტელექტუალურ კრიზისს განიცდის. იგი თავს პოეტად არ მიიჩნევს და თვლის რომ პოეზიას საკუთარი იდეოლოგიის გრძნობითი ტიპის ფენებში გავრცელებისთვის იყენებს. ის ხშირად აღნიშნავს რომ თანამედროვე ქართული ლიტერატურა იმდენ ხანს დარჩება ასეთ სასაცილო მდგომარეობაში სანამ ავტორები არ გააცნობიერებენ, რომ სანამ წერას დაიწყებ მანამდე როგორც მინიმუმ კითხვა უნდა ისწავლო.
                                                       ©გუგა გრიგოლია



ნაწარმოებები 



...მეტაფორები...

მე არასდროს ვვარგოდი მეტაფორებში,
ჩემი მეტაფორა ჩემივე თავია
ეკლებს შორის ეკლად რომ ამოვიდა და
თავს მაინც უცხოდ გძნობს.
თვალდახუჭული ხალხისთვის ცხოვრება უბრალო სიზმარია,
თვალგახელილი ხალხისთვის - გაურკვეველი გზაჯვარედინებით სავსე პროსპექტი,
ცალი თვალით დანახული ცხოვრება უნიჭო პოეზიაა,
რომელიც ძალაუნებურად იწერება და
შემდეგ მისი ენისბორძიკით კითხვა გიწევს,
სიკვდილმისჯილივით, რომელიც საკუთარ სასიკვდილო განაჩენს კითხულობს.
პოეზია უძლურთა და უსაქმურთა გასართობი სენია,
ეს იგივეა დღედაღამ მატარებლის რელსებზე არხეინად იწვე და
ცაში წვიმის მძიმე წვეთებს ითვლიდე.
ცხოვრებით ტკბობა პატარა ბამბის ნაყინია,
რომელიც მანამ მიაქვს ქარს, სანამ გემოს გაუგებ.
ყოველდღიურ ერთფეროვნებაზე დარდი წრიული კიბეა,
რომელიც დღითიდღე განადგურებს.
ეს ისეთივე ამაო და სიბრალულის მომგვრელია,
როგორც 40 წელს გადაცილებული მარტოხელა ქალების თვითგვემა,
სოციალური ქსელებისთვის ჩუმად აივანზე საკუთარ თავს სურათებს რომ უღებენ და
ნაოჭების დაფარვას ფოტოს გადანათებით რომ ცდილობენ,
თითქოს საკუთარი თავი აუქციონზე გაჰქონდეთ.
უბედურება ყველასთვის უბედურებაა,
მათთვისაც ვინც სახეზე მდიდრული ნიღაბი მოირგო და
მათთვისაც ვინც საბოლოოდ დაენარცხა მოყინულ ასფალტზე.
ცხოვრებაში ყველაფერი გენეტიკურია, ბედნიერებაც და უბედურებაც.
შვილები მშობლების გზას იმეორებენ.
ძალიან მარტივია ნებისმიერი ჭკვიანი ნაძირალისთვის
ისე ითამაშოს შენს ემოციებზე რომ ვერც კი მიხვდე როგორ მიახარჯე მთელი ცხოვრება,
გრძნობა და განწყობა არ არის აზროვნების და მითუმეტეს მოქმედების საბაბი.
ერთადერთი ვინც ცხოვრებაში მაკვირვებს ჩემივე თავია,
არაფრისგან რომ გადაიღალა და ყველაფერზე წუწუნებს.
ჩვენი ცხოვრება ერთი დიდი არაფერია
რამდენიმე მოგონებით და უამრავი წვრილმანით გადატენილი.

ბოლო დროს ვხვდები რომ ჩემი არსებობით უფრო მეტს ვაშავებ,
ვიდრე ჩემი არარსებობით დავაშავებდი.
მე არასდროს ვვარგოდი მეტაფორებში,
ჩემი მეტაფორა ჩემივე თავია
ეკლებს შორის ეკლად რომ ამოვიდა და
თავს მაინც უცხოდ გძნობს



... 2 ლენა..

როცა ორპირ ქარში, სარკის წინ შიშველი დგები, აუცილებლად ცივდები.
მე არასდროს არსად მეჩქარება,
არც მაშინ როცა ტანზე უამრავი რამ მაქვს ასხმული და
არც მაშინ, როცა ორპირ ქარში შიშველი ვდგები.
მე არასდროს ვჩქარობ,
ძლიერი ტალღა ყოველთვის თავისით აწყდება ნაპირს.
არ არსებობენ უიღბლო ქალები - არსებობენ უსუსური ან უნიათო ქალები,
ისინი ვისთვისაც ნამცხვრის ჭამა პირის გაღება და დახურვაა მხოლოდ.
მე არასდროს არსად მეჩქარება,
არც მაშინ როცა აზარტშიშესული, ჩქარი ნაბიჯით მივდივარ და
არც მაშინ როცა გიჟური სიჩქარით მომავალი მანქანების ცხვირწინ
აუღელვებლად გადავდივარ ქუჩაზე.
სხვის სიცოცხლეზე მეტად ხალხს საკუთარი მანქანა ადარდებს.
მაშინაც კი არავინ დაგეჯახება, როცა ქუჩაზე თვალდახუჭული გადადიხარ
ძვირადღირებული მანქანის შეკეთება ყოველთვის ძვირი ჯდება,
იაფფასიანი მანქანის შეკეთება კი კიდევ უფრო ძვირი,
იმიტომ რომ იაფფასიანი მანქანის ღარიბ მძღოლს
მანქანის შესაკეთებელი ფულის შეგროვება იმაზე ბევრად უფრო დიდხანს უწევს
ვიდრე ძვირადღირებული მანქანის შესაკეთებლად - მდიდარ მძროლს.
ყოველი ადამიანი თვითონვეა საკუთარი კითხვების პასუხი.
ყველაფრის პასუხი ბუნებაშია.
"ქალი მაიმუნს გავს, არასდროს გაუშვებს ერთ ლიანას ხელს,
სანამ მეორეს არ დაიჭერს ხელში"
მე არასდროს არსად მეჩქარება,
არც მაშინ როცა ტანზე უამრავი რამ მაქვს ასხმული და
არც მაშინ, როცა ორპირ ქარში შიშველი ვდგები.
მე არასდროს ვჩქარობ,
ძლიერი ტალღა ყოველთვის თავისით აწყდება ნაპირს.
შენ დგახარ სარკის წინ, სრულიად შიშველი
და მეორე ლიანას ამოწმებ,
შენ დგახარ სარკის წინ, სრულიად შიშველი
როგორც 2 ლენა,
როგორც 2 ლენა ერთ სხეულში ან პირიქით




...ძაღლიშვილობა - როგორც საშუალება...

“უკაცრავად თქვენ ძაღლიშვილი ხართ?
არა ალბათ მამათქვენი დროზე ადრე მოკვდა.
ძაღლიშვილობა ნებისმიერ ძაღლზე უფრო მარადიულია,
მაშინაც კი, როცა თვითონ ძაღლიშვილიც კი არაა მარადიული!”
- მიყვირის 19 წლის ბიჭი მეცხრე სართულიდან და ასფალტს ენარცხება.
იმისთვის რომ ეგზისტენციას მიაღწიო, უნდა დაიბადო და მოკვდე დღეში ასჯერ,
ადამიანი მარტო იბადება და მარტო კვდება,
დაბადებაც ისეთივე შეხვედრაა მარტოობასთან, როგორც სიკვდილი.
სიკვდილი დროებითი მარტოობიდან,
მარადიულ მარტოობაში გასასვლელი უბრალო კარია,
მაშინაც კი, როცა გაშეშებული დგახარ და ფეხსაცმელებზე
19 წლის ძაღლიშვილის ტვინი გასხია.
“უკაცრავად თქვენ ძაღლიშვილი ხართ?
არა ალბათ მამათქვენი დროზე ადრე მოკვდა.
მე ძაღლიშვილი ვარ, ზედმეტი ტვირთი ყველასთვის ზედმეტია,
მაშინაც კი როცა სულაც არაა ზედმეტი, თქვენ მოუვლით ჩემს პატარას?”
- მიყვირის ორსული ბავშვი და მატარებელს უვარდება ბორბლებში.
არსებობს ხალხი, რომელიც ტოვებს ცხოვრებას და
არსებობს ხალხი, რომელსაც ტოვებს ცხოვრება.
ძნელია გაიგო რა არის ნიჰილიზმი,
აფსურდისტი ხალხის რწმენა, თუ აფსურდული სამყაროს კანონი.
ეს ალბათ მხოლოდ ცვაიგმა, კამიუმ, ან უნანუნომ იციან,
რომელთა სიცოცხლე ისეთივე აფსურდული და ნებაყიფლობითი იყო,
როგორც მათი აფსურდული და ნებაყოფლობითი სიკვდილი.
“უკაცრავად თქვენ ძაღლიშვილი ხართ?
არა ალბათ მამათქვენი დროზე ადრე მოკვდა.
ძაღლიშვილობა ნებისმიერ ძაღლზე უფრო მარადიულია,
მაშინაც კი, როცა თვითონ ძაღლიშვილიც კი არაა მარადიული!”
- მიყვირის 19 წლის ბიჭი მეცხრე სართულიდან და
სრულებითაც არ მაკვირვებს ის ფაქტი, რომ გაკვირვებული არ ვარ.


ძაღლიშვილობა - როგორც საშუალება, როგორც საუკეთესო გზა ეგზისტენციალიზმისაკენ...



...ქალური შიშები... (მარიამ ჩოლოყაშვილს)

ადამიანს მხოლოდ მაშინ საყვედურობენ დაგვიანებას, როცა მას ელოდებიან,
ყველაფერი დანარჩენი - არაფრის ქონის ანდა
არაფრის უქონლობის უბრალო, მორიგი საყვედურია არაფრისადმი.
დიდი ხანია ვუცდი ჩემს თავს,
ისეთს როგორიც ვარ, ან ისეთს როგორიც მინდა ვიყო,
დიდი ხანია ვუცდი ჩემს თავს,
ისეთს როგორიც, გაივლის ქუჩაში და
ყველა მათხოვარს ლამბორჯინის გასაღებს აჩუქებს
რომელიც დინჯად მივა სახლში და
ცოლ-შვილის მადლიერ სახეს დაინახავს იმდენჯერ,
რამდენჯერაც ამის სურვილი ექნება.
და რადგან დიდი ხანია ვუცდი ჩემს თავს
და რადგან ჯერ კიდევ ვუცდი და მეტი არაფერი,
ვზივარ და ვითვლი ქალებს,
რომლებიც მხოლოდ იმის გამო იტანჯებიან, რომ რატომღაც ვუყვარვარ,
იტანჯებიან იმით რომ არ ვქრები და არა პირიქით.
იმით რომ მათი დიდი ნაწილი მხოლოდ იმისთვის მჭირდებოდა რომ
თვითკმაყოფილება მეგრძნო და მეთქვა რომ არასრულფასოვნების კომპლექსი
ისეთივე მითია, როგორც რაიმე სხვა მითი,
რომ შუა ღამისას კარნეგიებურად თავაწეულს მევლო და
წვერზე დინჯად მომესვა ხელი,
იტანჯებიან იმით რომ ქალებისგან ხშირად მხოლოდ ლამაზ მოგონებებს ვაგროვებ,
რომ, მათი დიდი ნაწილი მხოლოდ საცდელი თაგვი იყო ჩემთვის,
რომ მათი დამსახურებით მე ჩემი იდეოლოგიის პატარა,
მაგრამ დიდი ნაწილი შევქმენი - გუგა გრიგოლიასეული ფილოსოფიის მორიგი თეზისი.
რომ ჩემთვის ხშირად ცხოვრება,
ფსიქოლოგიურ ექსპერიმენტთა ერთი დიდი ხროვაა და არაფერი მეტი,
რომ ხშირად მე მიყვარს საკუთარი თავი და მეცნიერება მხოლოდ,
იმიტომ, რომ ჩემი ფიქრები ჩემთვის ისეთივე მეცნიერულია რამდენადაც ჩემეული ან
იმდენად ჩემეული, რამდენადაც რაიმე სხვა ჩემეული.
იტანჯებიან იმით, რომ მათთვის კატასავით ცხრა სიცოცხლე მაქვს
და ცხრავე - მათთვის გაუგებარი,
რომ ადრეც ისევე როგორც ახლა,
ვიჯექი მშვიდი, უემოციო სახით და ვუცდიდი ჩემს თავს,
რომლის მოსვლა-არ მოსვლის საკითხიც ისეთივე გაურკვეველია როგორც
რაიმე სხვა გაურკვეველი საკითხი.
საინტერესოა რას ნიშნავს დანაშაული, ვინაა ნამდვილი დამნაშავე,
ის ვინც ვერანაირად ვერ მოახერხა ჩემთვის
ჩემი ჩემეული ფიქრების და ახირებების ჩანაცვლება,
თუ მე, ვისაც ის მაინც მაქვს სათქმელი, რომ მე ვარ მე
და არა ისეთივე სხვა, როგორც რაიმე სხვა.
ცხოვრება იმდენად პირდაღებული რამაა, რამდენადაც შენი კითხვა,
კი! - ორი ხე ტყეა,
ორი მგელი ჯოგი,
ორი ცხვარი ფარა,
და არასდროს ვვარგოდი არც ტყის არც ჯოგის და არც ფარის ნაწილად.
და ამიტომაც რჩება ჩემთვის გაურკვეველ ფენომენად
ჯგუფური ჭამა, ჯგუფური ცეკვა, ჯგუფური მომავალი...
ყველაზე კარგად ალბათ ჩემი ახალგადმოსული მეზობელი მიცნობს,
რომელმაც ჩემი სახელიც კი არ იცის...
თუ გინდა ქალს საკუთარი ვინაობა დაანახო,
ჯერ ის უნდა აჩვენო, თუ ვინ არ არის.
ეს ისეთივე სასიამოვნოა, როგორც
შენი გაკვირვებული სახე წითელთმიანი პანკების გარემოცვაში
თუ გინდა ქალს შენი ვინაობა დაანახო,
მაშინ ისღა დაგრჩენია რომ უბრალოდ გინდოდეს ეს,
იმიტომ რომ ვერასდროს ვერავინ დაუღეჭავს საჭმელს,
როცა მის ჭამას თვითონ აპირებს და არა სხვა.
ეს ყველაფერი დაიწყო მაშინ, როცა გულაღმა დაწექი,
როცა თქვი, რომ ყველა გულს თავისი გასაღები აქვს
და ეს ყველაფერი იმდენად საინტერესოა, რამდენადაც შენი სახე, როცა
გაოგნებული უყურებ როგორ ვეძებ გულის ჯიბეში ასანთის კოლოფს,
როცა ორივემ შესანიშნავად ვიცით რომ ეს ჯიბე ცარიელია.
ბავშვობაში ყოველთვის მინდოდა პატარა და, კიკინებით და დიდი ლოყებით.
მე და არ მყავს.
ბავშვობაში ყოველთვის მაკვირვებდა ის რომ მეგობრები არ მყავდა.
მე მეგობრები არ მყავს
თუ გინდა, რომ სრულფასოვან ადამიანად ჩამოყალიბდე,
მაქსიმუმ და უნდა გყავდეს, მინიმუმ მეგობრები და სასურველია ექიმიც.
ეს ისეთივე აუცილებელია, როგორც შენი გაკვირებული სახე,
როცა ცივი უარით გაგისტუმრე მაშინ, როცა დობა შემომთავაზე,
ეს ისეთივე მარადიულია, როგორც შენი გაოგნებული სახე
როცა ცივი უარით გაგისტუმრე მაშინ, როცა მეგობრობა შემომთავაზე
და ეს იმდენად დაუვიწყარია, როგორც შენი განცვიფრებული სახე,
როცა ცივი უარით გაგისტუმრე მაშინ, როცა ჩემი ხილვა ექიმის ამპულაში ისურვე
მე იმდენად მიყვარს ჩემი არასრულფასოვნება,
რომ არასდროს მეყოლება დები ან მეგობრები.
ადამიანს მხოლოდ მაშინ საყვედურობენ დაგვიანებას, როცა მას ელოდებიან
ყველაფერი დანარჩენი - არაფრის ქონის ანდა
არაფრის უქონლობის უბრალო, მორიგი საყვედურია არაფრისადმი.
დიდი ხანია ვუცდი ჩემს თავს და არ ჩანს...



ქალური შიშები, როგორც დაურწმუნებლობა,
როგორც უბრალო დაეჭვება საკუთარი პიროვნების უნიკალურობაში.


    ©

No comments:

Post a Comment