თეა თაბაგარი, დაიბადა 1985 წლის 11 სექტემბერს, ქ. ჭიათურაში.
2002 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 142-ე საშ. სკოლა.
2007 წელს ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
პირველი ლექსი 5 წლის ასაკში დაწერა. 13-14 წლიდან წერს ინტენსიურად.
2008 წელს გამოვიდა მისი ლექსების პირველი კრებული სახელწოდებით “ დუმილი ისმინე”.
რამდენიმე ლექსი დაბეჭდილია ჟურნალებში ”ლიტერატურული პალიტრა” და “ლიტერატურა და ხელოვნება” .
ბოლო წლებში დაწერილი ლექსების ძირითადი ნაწილი ინტერნეტ-სივრცეშია განთავსებული.
არის რამდენიმე ლიტერატურული კონკურსის ლაურეატი და პრიზიორი,
ორი ახალგაზრდული პოეტური კრებულის და ერთი კარტოგრაფიული სახელმძღვანელოს რედაქტორი
©თეა თაბაგარი
ნაწარმოებები:
(გულ)ღია ბარათი
სცივა გაზაფხულს, ვერ შეიშრო ჯერაც ნამქერი,
მსუყე ზამთრისგან გამოყოლილ ამინდებს უძლებს,
მოგონებების აბორგებულ აჩრდილს გავცქერი,
და მონატრება მახვევია არშიად გულზე,
შესაბამისად, შენზე ფიქრი დავიმეგობრე,
განშორების დრო ასე უფრო ადვილად გავა,
თუმცა მცირე ხნით მიაშურე მშობლიურ სოფელს,
ლექსად სათქმელი განცდით მაინც ამტკივდა თავი.
მანდ ახლა თოვლით დაფარულან სახურავები,
მთელი ნაღველი საკვამურებს გამოუხატავთ,
ჩვენთან ოცნებებს რეალობით ახურდავებენ,
თანდათან უფრო ძლიერდება გაქცევის ნატვრა.
ერთგულება კი ძველმოდური გამხდარა, თურმე,
და იშვიათი ხილი არის სიტყვა გულღია,
მაშინ როდესაც გულწრფელობას შენ არ იშურებ,
არ მალავ სითბოს და მწერ ფრაზებს სიყვარულიანს....
ჰაერი
ეზო ქარშია. დღეებს მობეზრდათ
შენი დაღლილი სახის ყურება,
აღარ მიჰყვება ბილიკს ღობესთან
ბავშვობა, მარტივ ნაფეხურებად.
თვალებით იჭერ ნატვრის ნანგრევებს,
სხვა მხრივ არ ძალგიძს რეაგირება,
და ოცნებების მწვანე ლანქერიც
კალაპოტისკენ მიედინება.
კვლავ უთავბოლო წლებად გროვდები.
ფერიებს თოთო ყურძნის მტევნებით
თრობის შიში აქვთ... შენი ცოდვები
კი, ბერდებიან მიუტევებლად.
გასვლია ძველი ხიბლი იმ სურათს,
მეეზოვე რომ ქალაქს ალაგებს,
ყელში გაჩხერილ ჰაერს, მისნურად,
მელნით ფურცელზე ალაპარაკებ.
როდესაც დუმილიც ღალატია... (საქართველოს)
რამდენი ხანია, რაც ამ ლექსს ვწერ,
იმედშემკრთალია მოლოდინი,
როგორ მეშინია არ წამექცე,
თითქოს, ყველა დილა ბოლო დღეა.
ზეცაც ჩამოიმხეს როცა თავზე,
ირგვლივ საპასუხო განგაშია,
მე კი, შენი სუნთქვის მოდარაჯეს,
უკვე მერამდენედ გამაცია…
შენი გულისცემით წამებს ვმარცვლავ,
მაგრამ ვეღარაფრით ვამარტივებ,
თვალებსაც ფერები გაუბაცდა,
ობმოკიდებული ნახატივით…
რამდენი ხანია, რაც ამ ლექსს ვწერ
და რა მცირედია… მაპატიე.
ერთგული ლექსი
ფერი იცვალეს ბაღში ატმებმა-
შემოდგომის მზე დაეტყოთ ღაწვზე,
შენ ხელისგულზე სვამ მონატრებას
და სულის ერთი შებერვით მაწვდენ.
მერე, ლოდინით შემოსილ მზერას
გადახუნებულ ჰორიზონტს აყრდნობ,
საღამოს ბინდი ჰაერს რომ სერავს,
ნატრობ, იცოდე, რას ვფიქრობ ამ დროს.
ვერ ეგუები სიშორეს, ჩემო,
მოთმინებასაც გაუდის ვადა,
ერთგული კადრი ამოვიჩემე-
შეხვედრის მომენტს თვალებით ვხატავ.
არ შემიძლია მარტივად დაგთმო,
სხვის გვერდით მშვიდად მეძინოს მკლავზე,
მაგას ჯობია, ვცხოვრობდე მარტო
და შენთან ყოფნის სურვილი მკლავდეს.
ფერი იცვალეს ბაღში ატმებმა...
დუმილი ისმინე!
დღეს ისევ უგონოდ ველოდი შენს მოსვლას,
კვნესოდა ფანჯარასმომწყდარი მზის სხივი,
ესმოდა ალვის ხეს... ვეღარას შველოდა,
ხეივნებს უდაბურს, დეკემბრის ნისლივით.
დღეს ისევ მაჯებზე ვითვლიდი ბილიკებს,
ისევე მაკლდი და ისევე გეძახდი,
ხევს იქეთ, ქარიშხლის ღმუილი ვითმინე,
მერე კვლავ სტრიქონებს ვთლიდი და ვძერწავდი.
დღეს თმებზე მიმადნა სინაზის მანდილი,
ჰაერში ამაოდ ვეძებდი სიმშვიდეს,
დრო არის შენიდან ჩემამდე მანძილი,
დუმილი_ჩემი ხმა, დუმილი ისმინე!
დღეს ისევ უგონოდ ველოდი შენს მოსვლას,
როგორც ბავშვობაში ველოდი ფანტელებს,
და მერე თეთრ თოვლზე მიხატულ ენძელას,
სამოსს ვუკოცნიდი მიწისგან ნაფერებს...
საღამო ჰორიზონტს მიადნა ახლახანს,
მე მზერას ვაზომებ ცას და თავს ვაბეზრებ,
თუ ბოლო იმედიც მოლოდინს ჩაბარდა,
წერით, ღამისთევის აქციას ვაგრძელებ.
Flamenco
შენ ხატავ, ფერებით ვან გოგის,
მზის ჩასვლის წინ ზღვების ნაპირებს,
ფუნჯით პეიზაჟებს აბოდებ,
და მაინც ვერაფრით მაკვირვებ.
გიწვავს ხელისგულებს გიტარა,
წყურვილებჩაუმცხრალს, გალეშილს,
ბოშა ვარ, მაცდური ხიტანა,
ვმკითხაობ თვალებით თვალებში.
გზას სული ელევა ლოდინში,
უჭერს ტროტუარი მარწუხებს,
არასდროს მექნება _ ბოდიში,
შენი მარტოობის პასუხად.
უნდა მოგიძულო საერთოდ,
თუნდაც გიწყევლია თავბედი,
მე ვცეკვავ სიკვდილთან Flamenco-ს,
და არ მიწერია დავბერდე.
ზღვარზე, ანუ სანამ ნაბიჯებს სვლა შეუძლიათ
ვერც კი წარმოიდგენ,
ახლა გაგიჟება
ისე ადვილია,
სადაც ნაბიჯებს სვლა
აღარ შეუძლიათ,
გზები მთავრდებიან,
მიუღწევადია
ქვეყნად სამოთხე და
სრული იდილია,
ასე ინფანტილურ
ქალის ხასიათი
ჩემი თავდებია.
გარეთ ამინდია,
მისწვდა გაზაფხული
ტოტებს, შეერია,
ტანწერწეტა ხეებს
დაუმშვენებიათ
ვიწრო პოდიუმი,
შილიფღრუბლებიან
ცაში ვაკვირდები
ფერებს, ფეერიულს,
სულ ცოტა ხნის წინათ,
ფიფქებს შევყურებდი,
ძირს რომ მოდიოდნენ.
ქარი მოქანავე,
ბებერ აივანზე
შუბლით ეხეთქება,
მანვე გადახადა
ყველა სახურავი
სულებს, მარტოსულებს,
კვირტი ეწვით ტყემლებს
შიშით, და აქა-იქ
შეუთეთრდათ თმები,
ჩემთან სიმშვიდესაც
დაუგვიანია,
ან სულ არ მოსულა.
წლების აჩრდილები
თვალებში შერჩენილ
სხივებს აუქმებენ,
ჩანან ლექსებიდან
უხმო ტკივილები,
რასაც შენით ვძლიე,
მე კი, სანამ დროა,
ჯერ კიდევ არსებულ
ბილიკს გავუყვები...
გზები მთავრდებიან,
სადაც ნაბიჯებს სვლა
აღარ შეუძლიათ.

No comments:
Post a Comment