დეა ვებერი (კაზარაშვილი) – ,,მე – დეა მქვია, ნაომარი ზღვისფერი ქალაქიდან ვარ... „ – წერს ავტორი ერთ–ერთ მინიატურაში, რომელსაც გამორჩეულად მიიჩნევს თავის შემოქმედებაში.
დაიბადა 1986 წლის 7 თებერვალს ქალაქ სოხუმში. 1993 წლიდან ცხოვრობს თბილისში. დაამთავრა სოხუმის უნივერსიტეტი, ეკონომიკის ფაკულტეტი. მაგისტრატურა. იმავე პერიოდში სწავლობდა დ. არაყიშვილის მუსიკალურ ტექნიკუმში– ვოკალურ განყოფილებაზე. წერა დაიწყო 13 წლის ასაკიდან.. წერს სიმღერებსაც. მონაწილეობდა კონკურსში: ,,პოეზიის კოლაჟები“ ,სადაც გახდა ერთ–ერთი პრიზიორი. კონკურს– ,,ალავერდობა „ –ში და სხვა.
2010 წელს ლიტერატურულ კონკურსში ,,ლექსების გამოფენა“ – გახდა ნომინაცია ,,მკითხველის სიმპათიის „ გამარჯვებული. ხოლო 2011 წელს ამავე კონკურსში გახდა 1 ადგილის გამარჯვებული – საბავშვო პროზაში.
მისი მინიატურები დაიბეჭდა ლიტ. ჟურნალებში ,,ჭოროხი“ და ,,ლიტერატურული პალიტრა“. 2010 წელს გამოიცა მისი პირველი კრებული. (იმედით ცოცხლობს ადამიანი და ღმერთით კიდევ კაცობრიობა...) აქვს ერთადერთი ოცნება – დაბრუნდეს მშობლიურ აფხაზეთში.
©დეა ვებერი
ნაწარმოებები
(ბართლომეს) ღამე...
იყო საღამო, მშვიდი
და მაგნოლიის სურნელი ჰქონდა
წვიმიან ქალაქს.
ვიყავით მე და შენ -
მე - ჩემთვის. შენ - შენთვის...
ირგვლივ ქაოსი...
ჩვენ შევხვდით არაერთხელ
და ვერ ვიცანით ერთმანეთი.
მერე იყო გზა,
უსასრულო... (უფრო გვინდოდა)
ჩვენ ისევ შევხვდით...
ვიგრძენი, როგორ
შემოხვედი ჩემში
და ეს შეგრძნება
იყო უცხო
(უფრო ჩემთვის).
ბნელში არ ჩანდა
ჩვენი შიშველი სულები....
და მაინც ერთმანეთს შევესისხლხორცეთ...
მერე ვშვი შვილები –
ლაზარე და ბარბარე.
და ვზარდეთ ისინი.
ჩვენ ერთად ვცხოვრობდით -
ჩემში და შენში.
და ზღვარი ჩვენს შორის
ჩავხერგეთ და დავმარხეთ -
წლები...
ის ღამე არ იყო მსგავსი
სხვა ღამეების...
და ბოლოს...
დილა
შემოაისდა.
ჩვენ შევიცვალეთ -
შენ აღმა წახვედი
და მე კი დაღმა...
ახლა ტკივილებს ვმშობიარობ, ფურცლებზე...
მხოლოდ ესაა, შენგან რაც დამრჩა...
2 ივნისი 2012
გუშინ და დღეს...
ნერვები დაცოცავენ მთელ ტანზე დამცინავად...
მომეფერე, მტკივა...
ის წლები მტკივა, როცა თვალწინ დაგვიწვეს სახლი...
როცა შენს ხელებს ვაპარებდი ჩუმად მზერას
მშიერი ბავშვი.
როცა ღონემიხდილი მაინც ღიმილით ვამბობდი, ვილოცოთ მეთქი...
მე მაშინ ვიპოვე ღმერთი.
სიამაყემ გვძლია.
ვერ ვითხოვეთ მოწყალება ქუჩაში.
მერე საწამლავი ვყლაპეთ ცრემლებთან ერთად.
შეშლილებად შეგვრაცხეს.
თეთრ კედლებს შორის დაგვიდეს ბინა.
ის წლები მტკივა, ჩვენი ოთახის ფანჯრიდან შემოლეწილი სიცივე და წვიმა რომ გვისველებდა საწოლს...
ნერვები მილოკავენ ცრემლებს...
მტკივა!
––––––––––––––––––––––––
ოთახში თბილა – ერთმანეთის სიყვარულით ვათბობთ.
აღარ ატანს წვიმის წვეთები ჩვენს ფანჯრებს,
აღარ ასველებს ჩვენს ოთახს სიცარიელე.
ვეღარ ამოგვსვრიან ტალახში...
ჩამოვიბანეთ ნერვები...
ტკივილები...
აღარ ვიფარებ ხელებს ყურებზე,
აღარ მეშინია ხმაურის,
თეთრი ფერის...
აღარც კუთხეში ვიმალები ავტომატის ხმაზე...
დავხიე წარსულის ბარათები,
დავწვი.
აღარც სიკვდილის მეშინია...
ჩვენ აღარ ვცხოვრობთ სუიციდის ქუჩაზე...
მომეფერე დეე!
ათვლა..
ყოველდღე თავიდან დავიწყებ ათვლას,
ერთი, ორი და ასე შემდეგ,
არ უჩანს ბოლო ლოდინს და დაღლა
მორიგ ამ ღამეს ბალიშთან მითევს.
ნოემბრის ბოლოს ირევა ქარი,
სითბონაკლული დეკემბერს უცვლის-
დღეებს და ასე ხანდახან მკვდარი
მგონია თავი, ღმერთო ნუ მიწყენ.
მერე კვლავ ვითვლი უშენოდ დღეებს,
ერთი, ორი და ასე შემდეგ,
კალენდარს ვახევ დღეს ბოლო თარიღს,
ხვალ უჩემობის ათვლა დაიწყე.
& & &
შენ გგონია რომ ცოტა დროა
ერთმანეთს ვიცნობთ..
და არც კი...
ძველ ტკივილებს რომ
ვერ ივიწყებ?
იქნებ ვერც წაშლი,
აღმართულ კლდეებს
ეხეთქება ტალღები,
შტორმი.
ახლა ის დროა წავიდე და..
სხვა ნახო მგონი...
დასასრულის დასაწყისი… ან პირიქით...
სიყვარული გამილექსე თავიდან,
მე არა მწამს გაყინული ფიცის,
ჩემს მაგივრად წვიმა ცრემლებს მოგიტანს,
ცრემლებს, შენ რომ ჩემს ტუჩებთან უცდი.
სიყვარული გამილექსე თავიდან,
მაპატიებს ამ წვალებას ღმერთი?
შენ შენებურ თბილ სიყვარულს ელი და
მე კი ისევ ჩემს ტკივილებს ვებრძვი.
სიყვარული გამილექსე თავიდან,
თან წადი და არ წახვიდე გესმის?
შენს ლექსებში მოფერებას ველი კვლავ...
სიზმარია? თუ გემბანზე მიცდი.
სიყვარული, გამილექსე თავიდან
ცხოვრება მაქვს არც თუ ისე მშვიდი
შენს ხელებში მომაკვდავი მტრედი ვარ.
მე სიკვდილიც ჩემებური ვიცი.
სიყვარული გამილექსე თავიდან,
დრო ამ წუთებს, მოგონებებს უცვლის,
დავრჩით ასე... ჩვენ მესამე ნეკნიდან,
ცალ-ცალკე და ერთად ორი გიჟი.
+ უსასრულობა...
როლი პირველი:
სცენაზე თამაშობ…
მაყურებელი ერთი ან
ათას ერთი ღამის ქალ(ებ)ია…
თამაშობ ისე…
მაყურებელს ავიწყდება კიდეც,
რომ ეს მხოლოდ შენი როლია..
ცრემლებამდე მოსწონთ შენი თამაში…
ჩემს ზურგს უკან იმასაც ამბობენ, რომ…
ძალიან ნიჭიერი მსახიობი ხარ…
როლი მეორე:
ისევ თამაშობ…
სცენარში მსხვერპლი – ქალია!
ჩემს ზურგს უკან ამბობენ, რომ..
ძალიან ნიჭიერი მსახიობი ხარ!
როლი მესამე:
ვთამაშობ!
შეშლილის როლი მაქვს.
სცენარში – სიკვდილთან ვთამაშობ და ვმარცხდები!
შენს ზურგს უკან ამბობენ, რომ…
ძალიან უნიჭო მსახიობი ვარ!
როლი მეოთხე:
თამაშობ! შენი მსხვერპლი – მორიგი ქალია…
თამაშობ!
თამაშობ!
თამაშობ!
წინ კიდევ ბევრი, ძალიან ბევრი როლი გაქვს…
დევნილობიდან - დევნილობამდე!!!
მაშინ როცა სრულიად საქართველო ახალ 2011 წელს ეგებებოდა, მომავლის უკეთესობის იმედით... საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან -ვეტერანები შიმშილობდნენ. ისინი სამსახურიდან დათხოვნას და ვეტერანთა დეპარტამენტში, აფხაზეთის ომში დაღუპულთა სტენდზე ფოტოების ჩამოხსნას და სანაგვე ყუთში აღმოჩენას აპროტესტებდნენ,. ალბათ იცით მათ პროტესტს პოლიციის მიერ დარბევა მოჰყვა. თურმე, ამგვარი სახის პროტესტი საკუთარი თანამებრძოლების სახელს შეურაცხჰყოფდნენ და გარდა ამისა, გარემოს აბინძურებდნენ. ვეტერანები დააჯარიმეს -ხულიგნობის და სამართლადამცავების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის გამო. რა არის ახლა მათთვის 400 ლარი? არაფერი აბსოლუტურად! ხვალ ჩვენ გავიდეთ, გავაპროტესტოთ და ჩვენც დაგვაჯარიმებენ იგივე თანხით. ბიუჯეტიც შეივსება და მომღერლების ჩამოყვანასაც ხელს შევუწყობთ. დასრულდა! კიდევ ერთი პროტესტიც მიიჩქმალა.
დაპირებებით დაბრუნებული აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა , რომელიც უკვე 18 წელია დაბრუნებაზე ოცნებობს. დღეს დედაქალაქიდანაც იდევნება. დაწყებულია მათი გამოსახლება კომპაქტური ჩასახლებებიდან. რამოდენიმე ობიექტიდან უკვე გამოასახლეს და მათი მოთხოვნები გარემონტებული საქათმეებით დააკმაყოფილეს გორში, წეროვანში... ძალიანაც კარგი, მეტის ღირსები არ არიანო, ამასწინათ მოვკარი ყური ამგვარ ფრაზას!
ვაკეში, სტუდქალაქის ტერიტორიაზე, სადაც სამი კორპუსი დგას და დაახლოებით, ოთხასამდე დევნილი ცხოვრობს, მოხდა მათი ძალადობრივი გამოსახლება. თურმე, ისინი არალეგალურად მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი არიან. უბინაოდ ხომ არავინ დარჩება! სთავაზობენ სახლებს-კახეთისა და სამეგრელოს სხვადასხვა სოფლებში. იქიდან ისინი კარგად ივლიან თბილისში- უფროსები სამსახურში, რომელიც რის ვაი - ვაგლახით იშოვეს! ბავშვები კი, უმაღლესი დონის განათლებას მიიღებენ კარგად განვითარებულ სოფლის სკოლებში! დევნილების მიერ გამოთქმულ პროტესტს საშინელებები მოჰყვა. პატარა ბავშებს ნივთებთან ერთად ყრიდნენ სატვირთოში. არ დაინდოთ ერთმანეთი! ცემეთ! აფურთხეთ! დაუნგრიეთ ის ყველაფერი, რაც გააჩნიათ! მერე რა, მათ ხომ გამოიარეს უკვე ეს ყველაფერი? გააგდეთ ყინვაში ქუჩაში! სიცხიანი ბავშვები გამოყარეთ! პოლიცია თავის მოვალეობას პირნათლად ასრულებს. დააჯილდოვეთ!
დღესაც თვალწინ მიდგას იგივე კადრები! 1993 წელს, ზუსტად ასე შემაგდეს სატვირთოში და ზუსტად ასე არ ვიცოდი, რა მექნა, სად წავსულიყავი. 10 დღე და ღამე ვაირეთ ფეხით სვანეთის ცივი მთებით მშიერმა ხალხმა! ღამის 12 საათზე ან უფრო დიდხანს რიგში ვიდექით, თუ დგომა ერქვა იმას, რომ როგორმე 12 ლარი აგვეღო და პური გვეყიდა... ნოლიდან დავიწყეთ ცხოვრება! მაშინ, ზოგი გულისტკივილით შეგვხვდა, ცრემლებით, ნუგეშით, თანადგომით, მაგრამ იყო აგრესიაც, მათხოვრები! დაგვიბინძურეს ქალაქი! წავიდნენ საიდანაც ჩამოეთრივნენ! ახლაც არ გამიკვირდება იგივე გაიმეოროს ვინმემ! ან მე არ გამომიცდია და რა ჩემი პრობლემაა ეს ყველაფერიო!
საარსებო პროდუქტებზე და გადასახადებზე ფასების გაორმაგების პროცესი შეჩერდება გგონიათ? ასე გაგრძლედება სანამ სული არ ამოგვხდება!
ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის განვითარება, განა რომელ ქართველს არ გაუხარდება, მაგრამ საერთაშორისო იმიჯის შექმნა, ინვესტორებისთვის თვალის ახვევის ხარჯზე? სასაცილოა!
გილოცავთ ხალხო, ძალადობით დაწყებულ 2011 წელს! აღარ მინდა ასეთ საქართველოში ცხოვრება! ზომბებად იქცნენ ადამიანები- აგრესიული და დაუნდობლები გახდნენ. მე მეშინია!
იქნებ მართლა სჯობდეს ისევ გავუდგე უკან სვანეთის გზას, წავიდე იქ, საიდანაც ,,ჩამოვეთრიეთ“. ის მაინც მეცოდინება, რომ ჩემს მშობლიურ კუთხეში ღირსეულად მომკლავს რომელიმე აფხაზი და ჩემს მიწა-წყალზე მოვკვდები!
როდემდე?
გაგვაძლიერე უფალო და მოგვეცი ძალა გავუძლოთ ამ ყველაფერს!
საქართველო გაბრწყინდება, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ერთმანეთის მხარში დგომას ვისწავლით, ერთმანეთის სიყვარულს და ...
ჩვენთან არს ღმერთი!
დილა ფერისცვალების...
დილაა მზიანი და მაინც უბრალო,
შავ-თეთრით იცვლება სამყარო - ფერადი,
იისფერ სიყვარულს მთავაზობს უფალო,
პოეტი, რომელიც მოვიდა ჩემამდე.
მომსდევენ ფიქრები, ბნელი და უაზრო,
თანდათან მამძიმებს ჩემივე ცოდვები...
და შენთან მოსვლამდე ვიყავი უარზე,
უფალო, მე მაინც შენამდე ვცოცდები.
ვეცადე, თუმც მაინც გრძნობებზე ვთამაშობ,
სცენაზე მსახიობს ხვდებიან ეკლები...
და მთელი ქვეყანა ბაღია - საბავშვო,
უბრალო ქვეყანას უბრალოდ ვექნები.
(დღეს ვიწყებ ლოცვით და ვამთავრებ ცოდვებით.)
დილაა მზიანი, თაკარა, უნაკლო,
ისეთი, ლამაზი ჰაერი რომ ერთვის,
მე ყველგან გეძებე, ვერ გნახე უფალო,
შენ თურმე ჩემს გულში ყოფილხარ ყოველთვის.
(დღეს ვიწყებ ლოცვით და ვამთავრებ ლოცვებით.)

